SpaceX-ის პრეზიდენტმა გვენ შოტველმა გასულ წელს ჯამური კომპენსაციის სახით 85.8 მილიონი დოლარი მიიღო. კომპანიის საინვესტიციო პროსპექტის თანახმად, ეს მას აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელად აქცევს - წერს Reuters-ი.
შოტველმა, რომელიც ამავდროულად მთავარი საოპერაციო დირექტორია, ხელფასის სახით 1 მილიონი დოლარი მიიღო. SpaceX-ის დოკუმენტის ამონარიდის მიხედვით, მისი ანაზღაურების უდიდესი ნაწილი სააქციო ოფციონებსა და ჯილდოებზე მოდიოდა.
ამ სარეგისტრაციო დოკუმენტს კომპანიები ბირჟაზე გასვლამდე ფინანსური მდგომარეობისა და რისკების გასასაჯაროებლად იყენებენ.
ილონ მასკის SpaceX-მა აშშ-ში პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა.
როგორც Reuters იუწყებოდა, ეს გზას პოტენციურად რეკორდულ ლისტინგს უხსნის, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1.75 ტრილიონი დოლარი იქნება.
ამავდროულად, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიის მილიარდერმა აღმასრულებელმა დირექტორმა და SpaceX-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ილონ მასკმა საკუთარ თავს ხელფასის სახით 54,080 დოლარი დაუნიშნა. მთავარი ფინანსური დირექტორის, ბრეტ ჯონსონის ჯამურმა კომპენსაციამ კი 9.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის, კომპანია Equilar-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ 2024 წელს 79 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა - 75 მილიონი დოლარი.
Forbes-ის მონაცემებით, გვენ შოტველის ქონება 3.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მართალია, SpaceX-ის საჯარო სახე ილონ მასკია, მაგრამ კომპანიის ყოველდღიური მუშაობის დიდ ნაწილს სწორედ 62 წლის შოტველი მართავს.




























