მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი ოფისი 15 მილიონი ლარი დაჯდება

649ee89eafcd5
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.23 18:51
403

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა. უწყების ინფორმაციით, ახალი შენობის მშენებლობა 15 მილიონი ლარი დაჯდება და ის აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე 4.4 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე განთავსდება.

უწყების ინფორმაციით, არქიტექტურული პროექტი უკვე მომზადებულია და სამსახური თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, სამშენებლო ნებართვის მიღების მიზნით რამდენიმე დღეში მიმართავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური არსებული სახით 2022 წლის მარტიდან ფუნქციონირებს.

“150 თანამშრომელზე გათვლილი ახალი სათავო ოფისის პროექტი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. ნაგებობა დაახლოებით 5 877 კვ.მეტრზე განთავსდება და 5 სართულს მოიცავს, სადაც საკონფერენციო დარბაზი, საბრიფინგე სივრცე, გამოკითხვის, დროებითი დაკავების, ამოცნობისა და საქმის მასალების გაცნობის ოთახები მოეწყობა.

შენობა მიწისქვეშა 2 სართულსაც მოიცავს, სადაც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე განთავსდება.

მშენებლობისთვის დაახლოებით 15 000 000 ლარია გათვალისწინებული და მისი დასრულება 20 თვეშია დაგეგმილი,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები