ენერგეტიკის სექტორის კურატორმა ეკონომიკის სამინისტრომ სპეკულაციური გარიგებების პრევენციისთვის, ინვესტორებზე გაცემული მემორანდუმების გადახედვა დაიწყო. მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საუბარია პირდაპირი მოლაპარაკებების სქემის ფარგლებში გაცემულ მემორანდუმებზე.
ამ ეტაპზე უცნობია სამინისტროში შესული 435 განაცხადიდან, რამდენ პროექტზე გაუფორმა სამინისტრომ კონტრაქტი ინვესტორებს. ჯამში საუბარი იყო 11 ათასი მეგავატი სიმძლავრის პროექტებზე, რისი მშენებლობაც და ქსელში ინტეგრაციაც მისი მასშტაბიდან გამომდინარე სპეციალისტების თქმით, ამ მოცემულობით წარმოუდგენელია. იმისთვის, რომ მთავრობამ რეალურად განხორციელებადი პროექტები შეარჩიოს, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დარგის კურატორ უწყებას ორი გზა აქვს. არსებული მემორანდუმები გააუქმოს ან ინვესტორებს პროექტების განსახორციელებლად კონკრეტული ვადა მისცეს.
"პირდაპირი მოლაპარაკებების სქემის ფარგლებში 11,200 მეგავატზე 435 განაცხადი შევიდა 2025 წლის 28 თებერვლამდე ეკონომიკის სამინისტროში, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დადგმული სიმძლავრე არის 4,600 მეგავატი. აი ამ 11,200 მეგავატში 6,000 გამოვიდა მზე, 4,000 იყო დაახლოებით ქარი და ძალიან მცირე, ანუ 1000 მეგავატზე ნაკლები, სადღაც 750 შეიძლება ითქვას, კილოვატი გამოვიდა ჰიდრო.
ამ ციფრების გათვალისწინებით, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ქვეყნის დადგმული სიმძლავრე არის 4,600 და ამ დროს განაცხადი შევიდა 11,200-ზე, რეალურად წარმოუდგენელია ამხელა მასშტაბის მშენებლობა და რაც ყველაზე მთავარია, 11,200 მეგავატის ინტეგრაცია ქსელში. შემდეგ სამინისტრომ დაიწყო მუშაობა ამ თემებზე და ბუნებრივია, სადღაც 8,700 მეგავატამდე დავიდა. ის პროექტები, რომლებიც არ იყო შესაბამისობაში მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, ავტომატურად გაიცხრილა. ამ დროს უკვე მოდის ახალი გუნდი ენერგეტიკაში და შესაბამისად, იწყებენ უკვე კონკრეტული პროექტის შესწავლას, განხილვას. საბოლოოდ აღმოჩნდა ასეთი რამ, რომ თითოეულ პროექტს თავისი ინდივიდუალური გამოწვევა აქვს და ეს გამოწვევები ერთმანეთთან იდენტური ნამდვილად არ არის.
აქედან გამომდინარე, უკვე სამინისტრო დადგა გამოწვევის წინაშე, როგორ მოიქცეს იმისათვის, რომ ერთის მხრივ, ინვესტორის ინტერესი არ დააზიანოს და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ინტერესი, რაც არის რაც შეიძლება მეტი გენერაციის ობიექტი ააშენოს ქვეყანაში.
აქ უკვე იკვეთება პრობლემატიკა: რა მეთოდით უნდა მოხდეს პროექტების გადარჩევა. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით, დაახლოებით ორი წლის წინ, და ვპროგნოზირებდით, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო სტანდარტები მიახლოებული პირველ ეტაპზე კვალიფიკაცია-კომპეტენცია-გამოცდილების მოთხოვნასთან, ვინაიდან არ მიგვეღო ის, რაც დღეს გვაქვს — ანუ პროექტები, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე დარჩეს. ამიტომ, სამინისტრო ფრთხილობს რა, რომ ასეთი შედეგი არ მიიღოს, დგას უკვე დილემის წინაშე.
ან უნდა მთლიანად, ეს ნაწილი იყოს ნიველირებული, რაც არის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულებათა გაფორმება, ან მეორე, ვფიქრობ, უფრო რეალისტური და უფრო ადეკვატური გზა იქნება, კონკრეტული პერიოდი ავიღოთ, მაგალითად, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ერთი ერთწლიანი პერიოდი, ამას დავარქვათ transition პერიოდი, ანუ გარდამავალი პერიოდი, სადაც უკვე გამოიკვეთება და გაიცხრილება ის პროექტები, რომლებიც არარელევანტურია, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
ჩვენ ვამბობთ, რომ უკეთესი იქნება, თუ მიეცემათ ინვესტორებს შესაძლებლობა იმისა, რომ გამოასწორონ ხარვეზები ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, სამინისტრო გარკვეულწილად წავა შემხვედრ ნაბიჯებზე იმისათვის, რომ დრო არ დაიკარგოს. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, შემდეგ უკვე ყველაზე საინტერესო იქნება მესამე CFD აუქციონის ჩატარება. ანუ ამ დროს უკვე გამოიკვეთება ის თავისუფალი, ანუ გათავისუფლებული დადგმული სიმძლავრეები, რომელიც უკვე გამოვა მესამე CFD აუქციონზე”,-აცხადებს მაია მელიქიძე.
GREDA-ს ინფორმაციით, მართალია ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით გაფორმებულ მემორანდუმებს ამოწმებს, თუმცა დიდი ალბათობით რევიზია ასევე შეეხება წინა პერიოდებში ინვესტორებთან გაფორმებულ კონტრაქტებსა და პროექტებს, რომლებიც წლებია განხორციელების ეტაპზე ვერ გადადის. მაია მელიქიძე არ გამორიცხავს, მემორანდუმების გადახედვის შედეგად გამოთავისუფლებული სიმძლავრეები მთავრობამ ახალ აუქციონზე გაიტანოს.
“ მე როგორც ვიცი, რამდენიმე ინვესტორის მხრიდან არის გარკვეულწილად გამოწვევა ვადების დაცვასთან დაკავშირებით და, სამწუხაროდ, ჯარიმებიც არის დაკისრებული სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის წარმომადგენლებისადმი. ან იმ ჯარიმების გარკვეულწილად ალბათ გადახდა მოხდება და შემდეგ უკვე პროცესის გაგრძელება, ან ასეთ პროექტებს კითხვის ნიშანი დაესმება და ის გამოთავისუფლებული მეგავატები ისევ ალბათ მესამე CFD აუქციონში მოხვდება. მაგრამ ამ ეტაპისთვის, პირველ და მეორე CFD აუქციონზე საუბარი არ ყოფილა",-აცხადებს მაია მელიქიძე.




























