ლევან დავითაშვილის ეკონომიკის მინისტრობის დროს, ენერგეტიკაში დაბრუნებული „პირდაპირი კონტრაქტების“ მექანიზმი, შესაძლოა, მოქმედი მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის გუნდმა გააუქმოს. მეტიც, როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, არაა გამორიცხული, ინვესტორებს, რომლებმაც გენერაციის ახალი ობიექტების [ჰიდრო, მზე, ქარი] მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტროსთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს, ვალდებულების შესასრულებლად გარკვეული დრო მისცენ, რომლის ამოწურვის შემდეგ, კონტრაქტებს გაუბათილებენ.
საქმე ის არის, რომ 2024 წლის სექტემბრიდან, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების მსურველებს შესაძლებლობა მისცა, წინასწარ განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ესარგებლათ დარგის მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიეღოთ ფასთაშორისი სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად. ე.წ. „პირდაპირი კონტრაქტების“ ტარიფად მთავრობამ დაადგინა ფიქსირებული მედიანური ტარიფები, რომლითაც კერძო სექტორი 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. კერძოდ: ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე) განსაზღვრული იყო 6,5 აშშ დოლარ ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6,0 აშშ დოლარ ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 აშშ დოლარი ცენტი.
ეკონომიკის სამინისტროს მაშინდელი მენეჯმენტი ირწმუნებოდა, რომ „პირდაპირი კონტრაქტების“ მექანიზმი, რომელიც თავისი შინაარსით ე.წ. PPA მოდელს ჰგავდა, ენერგეტიკის დარგისადმი ინვესტორების დაინტერესებას გაზრდიდა.
„ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად, მოქნილად მოვახდინოთ პროექტების მხარდაჭერა... მიზანშეწონილ პროექტებს, რომლებიც ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით დასაბუთებულია, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია და სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს, [შეეძლებათ] სამინისტროსთან პირდაპირი მოლაპარაკებით მიიღონ მხარდაჭერის სქემა, მიიღონ კონკრეტული ფიქსირებული ფასი, არაუმეტეს იმისა, რაც მედიანურად დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის პროექტებზე და თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, რომ განახორციელონ პროექტები, სახელმწიფო ამას ხელს შეუწყობს“, - ასე უპასუხა 2024 წლის ივნისში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMG-ს კითხვას, რომელიც, ფაქტობრივად, PPA მექანიზმის აღდგენის ლოგიკას შეეხებოდა.
რამდენადაც ცნობილია, ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადია შესული და პროექტების ჯამური სიმძლავრე 11 000 მეგავატია.
BMG-მ ამ თემის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განახლებული გუნდის მიდგომის გასაგებად კითხვებით უკვე მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებას ე.წ. „პირდაპირი კონტრაქტების“ მექანიზმის გაუქმების შესახებ, დარგში მიიჩნევენ, რომ ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და გამჭვირვალე თამაშის წესები.
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, „პირდაპირი კონტრაქტების“ მსურველი ინვესტორების 435 განაცხადიდან, სამინისტრომ რამდენთან გააფორმა მემორანდუმი, მაგრამ მიაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნება, კერძო სექტორს მიეცეს გარკვეული პერიოდი, დავუშვათ, 1 წელიწადი, რათა შეასრულონ ვალდებულებები და დაიწყონ პროექტების განხორციელება, ვიდრე გაფორმებული კონტრაქტები ხისტად გააუქმონ.
მაია მელიქიძის ინფორმაციითვე, 435 განაცხადიდან, რომელიც 11 000-მეგავატის პროექტებს მოიცავს, 242 პროექტი – 6200 მგვტ არის მზის, 62 პროექტი - 4222 მგვტ არის ქარის და 131 პროექტი ანუ 752 მგვტ არის ჰიდროსადგურების წინადადება.
ენერგეტიკაში ინვესტორებისთვის გამჭვირვალე თამაშის წესების არსებობას მიესალმება GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე და ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია "ენერჯი სოლუშენსის" მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მარიამ ქვრივიშვილის განახლებული გუნდის და ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა, სადაც მსჯელობის ერთ-ერთი თემა სწორედ ე.წ. „პირდაპირი კონტრაქტების“ თემა იყო. გიორგი აბრამიშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი მენეჯმენტი აპირებს, „პირდაპირი კონტრაქტების“ გზით გაფორმებული ყველა ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლოს.
„წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში „ენერჯი სოლუშენსის" მმართველმა პარტნიორმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მოსწონს ეკონომიკის სამინისტროს მიდგომა - განისაზღვროს გრძელვადიანი და გამჭვირვალე თამაშის წესები და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ენერგეტიკის დარგში ინვესტორებს აწუხებთ.
- გამოწვევები კვლავ არის ბიუროკრატიაში, თუმცა ვიცით, რომ მთავრობა დანამდვილებით მუშაობს ამაზე და არა მარტო ეკონომიკური გუნდი - ახალი გუნდია გარემოს დაცვის სამინისტროშიც; ბევრი რაღაც გამარტივდა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა... საუბარია იმაზეც, რომ ამოქმედდეს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპი და სხვადასხვა უწყებას დაუწესდეს დროის ლიმიტი პასუხების გასაცემად, რათა პროცესი არ გაიწელოს. უამრავი დრო და ენერგია მიდის ბიუროკრატიაში და იმედი მაქვს, ეს ნაწილი გაუმჯობესდება. ასევე, კიდევ რა გვაწუხებს? - ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და თანმიმდევრულობა. მოგეხსენებათ, ენერგეტიკა გრძელვადიანი და მსხვილი ინვესტიციების სექტორია და აუცილებელია ვიცოდეთ, გრძელ ვადაში, ზოგადად, რა თამაშის წესები იქნება. ამდენად, ძალიან მისასალმებელია ის მიდგომა, რომელიც ახალმა გუნდმა გამოიჩინა - ეს გამოიხატება იმაში, რომ ზოგადად, არ არსებობდეს შერჩევითობის პრინციპი, შემუშავდეს გამჭვირვალე კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეირჩევა პროექტები. ყველა [ინვესტორი] ელოდება სტაბილურობას.
- ზოგადად, ქვეყანაში თუ ენერგეტიკის სექტორში?
- ენერგეტიკის სექტორს ვგულისხმობ... ბატონ მურმან მარგველაშვილს უნდა დავეთანხმო, რომელიც ხშირად ამბობს, რომ გრძელვადიანი სტრატეგია და თამაშის წესები უნდა არსებობდეს. აი, გამჭვირვალობისთვის ერთი ძალიან კარგი ინიციატივა აქვს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სურთ ინტერაქციული რუკა შეიქმნას, სადაც გასაგები იქნება, თუ რომელ ქვესადგურში რამდენი სიმძლავრის დაერთებაა შესაძლებელი ან/და როდის იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ აღარ იქნება კორუფციული ჯაჭვი და [ყველა ნახავს] სად რამდენი სიმძლავრე გამოთავისუფლდება.
- რამდენადაც ვიცი, მარიამ ქვრივიშვილის გუნდის და ენერგეტიკის სექტორის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ე.წ. „პირდაპირი კონტრაქტების“ მექანიზმი, რომლითაც სამინისტროში 400-ზე მეტი განაცხადი შევიდა და ჯამში, 11 000 მეგავატის სიმძლავრეზეა საუბარი... მოგვიყევით, რა და რატომ არის გამოწვევა?
- ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ შეიქმნა სპეკულაციური ბაზარი - ეს არის გამოწვევა ანუ რეალურად ახლა არსებობს რაღაცა ფურცლები... უფრო სწორედ, პროცესი შეჩერდა; მე არ ვიცი სტატისტიკა, რამდენ „პირდაპირ კონტრაქტზეა“ ხელი მოწერილი, მაგრამ ახლა ყველაფერს გააჩერებენ და თავიდან მოხდება პროექტების გადახალისება და დეტალური კვლევა, რამდენადაა შესაძლებელი ამა თუ იმ ადგილას განხორციელდეს ენერგოპროექტი, თუ რამდენად არის ეს დეველოპერი გამოცდილი და ა.შ. სახელმწიფო [არ უნდა დაზარალდეს იმის გამო], რომ ვიღაც ინვესტორმა გააფორმა მემორანდუმი, მაგრამ შემდეგ პროექტი არ განავითარა.
- რომ შევაჯამოთ, რა მოლოდინი გაქვთ ახლა ენერგეტიკის სექტორში?
- ყველა პროექტზე მიმდინარეობს კვლევა, რამდენად რეალისტურია მათი განხორციელება...
- თუმცა ეს არ ეხება CFD აუქციონში გამარჯვებულ პროექტებს, ხომ ასეა?
- მგონი, არ ეხება, თუმცა ზუსტად არ ვიცი... არ მინდა შეცდომაში შევიყვანო საზოგადოება. ფაქტია, ყველა პროექტის, ასე ვთქვათ, გადახედვა მიმდინარეობს რათა სპეკულაციური ბაზარი გაქრეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც თავიდანვე უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ კარგია, რომ ამ მიმართულებით მივდივართ.
- BMG ეცდება, სამინისტროს ახალი მიდგომის შესახებ მეტი დეტალის გარკვევას... კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც მინისტრის ბიზნესთან შეხვედრაზე იყო საუბარი, როგორც ვიცი, ბანკების მხრიდან ენერგეტიკის სექტორის დეველოპერების დაკრედიტების გართულებას შეეხებოდა...
- ასეა... ზუსტად ამიტომ, ბანკებს უკვე აღარ ესმით, რამდენად არის მოთხოვნა. მაგალითად, 11 000 მეგავატზე ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა?! 11 000 მეგავატს არათუ ვერ დააერთებ ქსელთან, რაც ერთი პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოც ხომ ვეღარ შეისყიდის?! რა უნდა ვუყოთ ამდენ ელექტროენერგიას?!
- მაშინ საერთოდ რატომ დაბრუნდა „პირდაპირი კონტრაქტების“ მექანიზმი - მიზანი მხოლოდ იმის დემონსტრირება იყო, რომ ენერგეტიკაში „უძრაობის ხანა“ დასრულდა?!
- იცით, [მთავრობის] სხვადასხვა გუნდთან შეხვედრები რომ გვქონდა, ყველა თავს იწონებდა იმით, რომ აი, ამდენი მემორანდუმი გავაფორმეთ... აი, ამდენს ხელი მოვაწერეთ და ასე შემდეგ. [ენერგეტიკის სექტორს] სულ იმაზე გვქონდა საუბარი, რომ ეს არ ნიშნავს აშენებულ პროექტებს. გასაგებია და ბუნებრივია, ახალი გუნდი რომ მოდის, ახალი მოლაპარაკებები იმართება და ამით თავს მოწონება ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პროდუქტი მივიღოთ, ხომ?! ეს ხელმოწერილი მემორანდუმები ქვეყანას ხომ არაფერში არ ადგება, პირიქით, ავნებს.
- ჩვენც სულ ვეძებთ მართლა მშენებარე ენერგოობიექტებს და არა მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილ პროექტებს...
- ეკონომიკის სამინისტროს ამ გუნდისთვის პირიქით მოხდა... რეალურად, ამ გუნდმა საქმიანობა პროექტების გადამოწმებით დაიწყო. [აინტერესებთ] რეალურად, მართლა მოხდება თუ არა ამდენი ობიექტის მშენებლობა, რომელი არის რეალური, რომელი არ არის რეალური...
- ანუ ეკონომიკის სამინისტროს წინა გუნდი ვერ მუშაობდა კარგად და ვერ ხედავდნენ ინვესტორების თუ პროექტების შემოწმება-გაფილტვრის საჭიროებას?
- არ ვიცი, მაშინ სხვა მიდგომა იყო... ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ ინვესტორების კვალიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი...




























