ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ BMG-ს "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
საქმე ისაა, რომ ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა 28 თებერვალს ამოიწურა.
BMG დაინტერესდა, როგორი იყო კერძო სექტორის აქტიურობა. სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მეტი განაცხადი მზის პროექტებზე შევიდა, მეორე ადგილზეა ჰიდრო, ხოლო მესამეზე ქარის პროექტები.
უფრო დეტალურად, უწყების ინფორმაციით, პირდაპირი მოლაპარაკების გზით უწყებაში წარმოდგენილია 435 განაცხადი, აქედან:
- მზის - 241 განაცხადი;
- ჰესი - 133 განაცხადი;
- ქარის - 61 განაცხადი.
შეგახსენებთ, პირდაპირმა კონტრაქტებმა ჩაანაცვლა CFD აუქციონი, რომელიც მანამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. დაინტერესებული პირები, რომელიც დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ. ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც პროექტის ინვესტორი 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და შემდეგნაირად განისაზღვრა:
- ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 ცენტი;
- ქარის ელექტროსადგურები - 6 ცენტი;
- მზის ელექტროსადგურები - 5,6 ცენტი.