"ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ. როგორც უწყების მიერ BMG-სთვის მოწოდებულ განცხადებაში წერია, EU-ს ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთების მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, შესაბამისი პროექტი მიმდინარეობს.
"ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით, როგორც მარეგულირებელი ბაზის, ასევე ეკონომიკური ანალიზის მომზადების მიზნით, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება პროექტი. შედეგად, უკვე მომზადდა პირველადი და მეორადი კანონპროექტები და ეკონომიკური ანალიზი. ევროკავშირის ინიციატივის EU4Digital-ის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ დაქირავებული ევროპელი ექსპერტების მიერ მიმდინარეობს მომზადებული დოკუმენტაციის განხილვა, რათა სწრაფად და ეფექტურად იქნეს შესაძლებელი საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირსა და საქართველო-უკრაინა-მოლდოვას შორის EU-ს თავისუფალ როუმინგულ სივრცეში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვალში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში აცხადებდნენ, რომ გლობალურად არსებულმა ვითარებამ პროცესი დააჩქარა და საქართველო ერთიან სივრცეში გაწევრიანებას დამოუკიდებლად შეეცდება. მაშინ აღინიშნა, რომ ევროკომისიამ ჩვენს ქვეყანას შარშან ის რეკომენდაციები გაუზიარა, რომლებიც საქართველომ ამ მიმართულებით უნდა შეასრულოს. რამდენიმე პირობასთან ერთად, ევროკომისია ითხოვს, კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდეს და მარეგულირებელს როუმინგული ფასების დადგენაც შეეძლოს. ამასთან, მობილურმა ოპერატორებმა მათ მიერ დადგენილი სასაუბრო, SMS თუ ინტერნეტ პაკეტების ღირებულება უნდა შეცვალონ და ევროპულთან გაათანაბრონ.
"სამუშაო რეჟიმში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. კონკრეტული ნაბიჯები როცა გახდება ცნობილი, ჩვენი კომპანია მას შემდეგ შეძლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას", - აცხადებენ "მაგთიში", სადაც დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროცესში მობილური ოპერატორების მზაობა და მხარდაჭერა არის. რაც შეეხება ტარიფების გადახედვას. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საკითხი დღის წესრიგში შესაბამისი ნორმატიული ბაზის მიღების შემდეგ დადგება.
"აღსანიშნავია საქართველოს მობილური ოპერატორების მზაობა და მხარდაჭერა აღნიშნული პროცესების განხორციელებისთვის, რადგან ის უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გასავლელ გზას. პროცესში მონაწილეობენ საქართველოს მობილური ოპერატორები. რაც შეეხება ტარიფების გადახედვას, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება შესაბამისი ნორმატიული ბაზის მიღების შემდეგ და განხორციელდება თავად ევროკავშირის მიერ განხორციელებული მეთოდებით. საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ განისაზღვრება მეორადი კანონმდებლობის მიღების ვადები და დაიწყება ტარიფების ცვლილებისთვის საჭირო სამუშაოები", - წერია სამინისტროს განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც საქართველო ყველა პირობას შეასრულებს და ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის წევრი ქვეყანა გახდება, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში წასულ მოქალაქეებს როუმინგის საფასურის გადახდა არ მოუწევთ. რამდენიმე თვის წინ პარლამენტარი ლევან ქარუმიძე ამბობდა, რომ სამოქმედო დოკუმენტი, სავარაუდოდ, მომავალ წელს იქნება მზად, გაწევრიანებას კი 3-დან 5- წლამდე პერიოდი დასჭირდება.