უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მორიგი ნაბიჯი გადადგა, ამჯერად ქვეყნის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის როუმინგულ ზონაში გაწევრიანებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში როუმინგით ისე ისარგებლებენ, რომ მათ დამატებითი საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ.
მართალია, როუმინგთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმი უკრაინის მოქალაქეებისთვის ომის დაწყებიდან მოქმედებდა, თუმცა ამჯერად ევროკავშირის და უკრაინის ლიდერები სამუდამო შეთანხმების გაფორმებაზე და ქვეყნის სრულ ინტეგრაციაზე მუშაობენ.
ზოგადად, ევროკავშირის როუმინგის უვიზო ზონაში ყოფნა მომხმარებლებს აძლევთ საშუალებას, განახორციელონ ზარები, გააგზავნონ ტექსტური შეტყობინებები და გამოიყენონ ინტერნეტი ისე, თითქოს საკუთარ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოგზაურობისას ხარჯების შემცირების და კომუნიკაციის გამარტივების საშუალებას იძლევა.
პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, როუმინგულ უვიზო ზონაში შესვლით უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება, რაც ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.




























