საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრაზე მინისტრმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებზე, ამოცანებზე, დაგროვილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე გვიხსნის, რომ მიღმა გრედას მიერ მომზადებული კანონპროექტისა, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ ინვესტორებზე, რომლებიც მემორანდუმებით ვაჭრობენ და რეალურად პროექტების განვითარებით არ არიან დაინტერესებული.
მისი თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ კუთხით მიდგომა მკაცრი იქნება და გადაიხედება ის მემორანდუმები , რომელზეც ვადა გადაცილებები ხშირია.
“პირველი შეხვედრა იყო ეს დარგთან და საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა, ბევრ საკითხებს შევეხეთ. პრობლემა არსებობს, როდესაც კომპანიები რომლებიც ქაღალდებით ვაჭრობენ და დაჯავშნილი აქვთ ტერიტორიები და ადგილები კარგი პროექტების და ამ ქაღალდებით ვაჭრობენ და რეალურად პრობლემას უქმნიან კეთილსინდისიერ ინვესტორებს, ვისაც რეალურად თანხის დახარჯვა და პროექტების განხორციელება უნდათ. ამ კუთხით სამინისტრო ძალიან მკაცრი იქნება, ახალი გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა ძალიან მკაცრად მიუდგება ამ საკითხს და მოხდება პროექტების ჩამორთმევა ინვესტორებისგან, რომლებიც პროექტებს არ ახორციელებენ.
სპეკულიანტები ბევრი არიან, რომლებიც ვაჭრობენ ამ ფურცლებით და რთული არ არის ამის დადგენა უკვე არსებულ გაფორმებულ მემორანდუმებზე. ვადა გადაცილებები ძალიან დიდია, ბევრჯერ გაგრძელებული ვადები არის და ასე შემდეგ. თუმცა ამ 17 000 მეგავატზე, როცა ვსაუბრობთ, სულ რომ ყველა ინვესტორი მანდ კეთილსინდისიერი იყოს, უბრალოდ ქვეყანას არ სჭირდება ამ მოცულობის სიმძლავრე.
რეალურად 3 000 მეგავატია, რომელზეც შეიძლება მემორანდუმი გაფორმდეს. დააანონსა სამინისტრომ მსგავსი მიდგომა და უახლოეს მომავალში უკვე გამოჩნდება, როგორ და რანაირად გეგმავენ, ამ კვოტის შემცირებას უშუალოდ ამ 3 000 მეგავატზე,”- ამბობს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.




























