"ნიკა ვაჩეიშვილის მარნის და საოჯახო სასტუმროს“ მფლობელის, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ „რუსული კანონის“ ამოქმედება, რომლის გამოც ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა, საქართველოში რუსული მოდელის დამკვიდრების მცდელობაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
"ვფიქრობ, ჩვენ ვართ ერთგვარი სპეცოპერაციის ფაზაში, რომელიც კარგად გააზრებულია და ჩანს, ბევრი ინსტიტუციაა ჩართული. ამ სიტუაციას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე, და რეალობის ამსახველი სარკე, რათა მთელმა საზოგადოებამ კარგად დავინახოთ, რა ხდება დღეს, რა პროცესები მიდის და ამის საპირისპიროდ კარგად გავისარჯოთ, რათა ისევ მივბრუნდეთ ჩვენი ისტორიული წიაღისკენ - ევროპისკენ და ჩვენი წინაპრების სიმწრით ნაშენები ქვეყანა {ევროპული ოჯახის} წევრი გავხადოთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი აპირებს, თავისი წვლილი შეიტანოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაში - რატომ უნდა აირჩიონ ევროპა და სწორედ ამ მიზნით, ამავე სახელწოდების სამოქალაქო მოძრაობის - „აირჩიე ევროპა“ - სხვადასხვა კამპანიაში ჩაერთვება.
„ჩვენი პროფესიული ცოდნა, ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილება უნდა მოვახმაროთ ჩვენს სამშობლოს. „აირჩიე ევროპა“’ არის პროფესიონალთა ერთობა, რომლის წევრებიც გაირჯებიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ არცერთი წუთს დაკარგვის უფლება არ გაქვს; ჩვენს კერძო საქმეებში ჩარევის უფლება არ გვაქვს. ახლა, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა მივმართოთ საქართველოს კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში კულტურის ყოფილმა მინისტრმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთობის და გამსხვილების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს.
„ოპოზიციამ უნდა ივაჟკაცოს. უფრო მკაფიო, უფრო ერთობლივი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვართ დიდი რუსული ძალის წინაშე“, - დასძინა მან.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის რისკის ქვეშ დაყენების სიმწვავეს მოსახლეობაც კარგად იაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ყველა ხმამაღლა ვერ გამოხატავდეს საკუთარ პოზიციას.
„როცა სახელმწიფო დაფინანსებაზეა მიბმული უამრავი ადამიანი და დასაქმების სხვა წყარო არაა, როცა ოჯახის მარჩენალი პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფო სექტორთან, ამ სიტუაციაში რეალობისთვის თვალის გასწორება და სიმართლის თქმა გაძნელებულია. ეს კარგად მოფიქრებული ოპერაციაა, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს იაზრებს და რაც არ უნდა საპირისპირო მოსაზრება გამოხატოს ოფიციალურად, ვფიქრობ, გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ საქართველოს მომავალი სხვაგან არის - თავისუფლებაშია, ეკონომიკურ სიძლიერეშია და ეს ყველაფერი ევროპაშია“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.