თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი.
„აქ ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს. ყველა ვთანხმდებით, რომ არავის მოგვწონს ის განაშენიანება, რაც სპორტის სასახლის მიმდებარედ ხდება. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნებართვის გამცემები და მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მაღალ კორპუსს ჩადგამდა იმ ტერიტორიაზე; რომ შეხვალ შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ“, - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას და ისაუბრა პროექტზე, რომელიც სპორტის სასახლის სიახლოვეს მდებარე ბარაკების ადგილას განხორციელდება.
„ტყვარჩელის ქუჩაზე, #5-ში მდებარეობდა ბარაკები. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო, რომ ბარაკების ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსები ჩადგმულიყო. ჩვენ მოველაპარაკეთ ოჯახებს, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 1500 კვადრატული მეტრი სივრცე მიიღო. ვიწყებთ ბარაკების აღებას და მის ადგილას გაშენდება სკვერი. სპორტის სასახლის მიმდებარედ სკვერი, პარკი და ტროტუარი არ არსებობს, არის მხოლოდ აბლანდულ-დაბლანდული გზები, რაც სერიოზული პრობლემაა“, - განმარტა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.