"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისში ახალი სტადიონი მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა იქნება.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩებისთვის. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი.
"ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება ამ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს არ აქვს ქვეყანას ე.წ. საგამოფენო საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს. საკონვენციო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს ახალი სტადიონი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი“, - განაცხადა კობახიძემ.
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებას 2026 წლის აპრილში ვვარაუდობთ - ირაკლი კობახიძე