საქართველოში მოქმედი სამინისტროების რაოდენობა 12-მდე მცირდება. როგორც 29 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან გაუქმდება.
კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც ამ დრომდე მამუკა მდინარაძე იკავებდა, შექმნიდან 3 თვეში უქმდება, თუმცა იქმნება მთავრობის ახალი ადმინისტრაციული ერთეული - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ცვლილებების შედეგად, მთავრობის განახლებული სტრუქტურა 12 სამინისტროთი და 2 სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი:
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის - მოქმედი მინისტრი გივი მიქანაძე
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის - მოქმედი მინისტრი დავით სონღულაშვილი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების - მოქმედი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
- თავდაცვის - მოქმედი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი
- ინფრასტრუქტურის - მოქმედი მინისტრი რევაზ სოხაძე
- იუსტიციის - მოქმედი მინისტრი პაატა სალია
- კულტურის - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის - მოქმედი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე
- საგარეო საქმეთა - მოქმედი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი
- სპორტის - მოქმედი მინისტრი შალვა გოგოლაძე
- ფინანსთა - მოქმედი მინისტრი ლაშა ხუციშვილი
- შინაგან საქმეთა - მოქმედი მინისტრი სულხან თამაზაშვილი
- რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - მამუკა მდინარაძე
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა სამინისტროების გარდა მოიცავს სპეციალურ სახელმწიფო დაწესებულებებს და სამინისტროების მმართველობის სფეროში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებებს, სსიპ-ებსა და სხვა ორგანიზაციებს.
თავის მხრივ, სპეციალური სახელმწიფო დაწესებულებები, სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა, წარმოდგენილია ისეთი უწყებებით, როგორებიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები.
რაც შეეხება საქვეუწყებო დაწესებულებებს, მათი რაოდენობა ცვალებადია. სამინისტროების დაქვემდებარებაში ათეულობით მსხვილი ქვეუწყება მუშაობს. ასე მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია: შემოსავლების სამსახური, სახაზინო სამსახური, ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ა.შ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სხვა. შს სამინისტროს ქოლგის ქვეშაა: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია და სხვა დეპარტამენტები.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ შექმნილ სსიპ-ების (სამინისტროების სისტემაში შემავალი სააგენტოების და დაწესებულებების) რაოდენობა ასეულობითაა და მუდმივად ცვალებადია. მაგალითად, უახლესი გადაწყვეტილებებით, წელს შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო და გასტრონომიის ეროვნული სააგენტო. საგულისხმოა, რომ საჯარო სამართლის სუბიექტების რაოდენობა თუ საჭიროება არაერთხელ გამხდარა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებების საგანი, კორუფციული თუ სხვა რისკების გამო. მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში მოყვანილია ფაქტები სსიპ-ების დუბლირებულ ფუნქციებთან თუ არაეფექტურ მართვასთან დაკავშირებით.




























