"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეალურია თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის მომავალი წლის აპრილში დაწყება. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
BMG-ის კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ აღნიშნა, რომ პროექტის ბიუჯეტი და სხვა საკითხები სამუშაო პროცესში დაზუსტდება. რაც შეეხება იმას, თუ სად აშენდება ახალი სტადიონი, მისი თქმით, შერჩეულია ორი ძირითადი ადგილი, საბოლოო გადაწყვეტილება კი ჰოლანდიური კომპანიის რჩევის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
"ლოკაციას რაც შეეხება, ვერ დაგიკონკრეტებთ. მიმართულებები დაახლოებით შემიძლია გითხრათ - ეს არის არის აეროპორტის მიმართულება, არის რუსთავის მიმართულება. რაც შეეხება ვადებს, პირველ რიგში მოსამზადებელია კონცეფცია, შემდეგ არქიტექტურული პროექტი, ჩვენ მშენებლობის დაწყებას 2026 წლის აპრილში ვვარაუდობთ. ეს აბსოლუტურად რეალურია და შესაბამისად, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულება აბსოლუტურად რეალურია. ბიუჯეტი და დანარჩენი დაზუსტდება სამუშაო პროცესში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მან ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა, რომელსაც საიმიჯო და რეზონანსული უწოდა.
„დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმსჯელეთ სტადიონებთან დაკავშირებულ თემებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს დაანონსებული თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიტევს 70 000 მაყურებელს. ამას აქვს თავისი საფუძველი. პირველ რიგში, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე. მოქმედი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ეს იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც იქნება საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება ამ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს არ აქვს ქვეყანას ე.წ. საგამოფენო საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს. საკონვენციო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს ახალი სტადიონი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას. ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი“, - განაცხადა კობახიძემ.




























