მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტული ფედერაციების ნაწილი სპორტის სამინისტროსგან გამოყოფას ითხოვს - წულუკიანის პასუხი

63453ca37c404
ინგა მურუსიძე
11.10.22 14:05
679
15-მდე სპორტული ფედერაცია სპორტის სამინისტროსგან გამოყოფას ითხოვს. განცხადება მათ დღეს გააკეთეს. ფედერაციები ინიციატივით პრემიერს მიმართავენ.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური აცხადებს, რომ სპორტს უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, ვისაც ესმის და საქმის კურსშია თუ რა სჭირდებათ ფედერაციებს.

"ჩვენ, სპორტულმა საზოგადოებამ, თხოვნით მივმართეთ ბატონ პრემიერს, თუ იქნება შესაძლებელი, რომ სპორტი, როგორც დარგი, ცალკე გამოიყოს და შეიქმნას ცალკე ან სამინისტრო ან დეპარტამენტი. ვფიქრობთ, რომ სპორტს ვინც კურირებს და ხელმძღვანელობს, აუცილებლად უნდა იცოდეს, ესმოდეს, უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა სჭირდება სპორტულ ფედერაციებს.

ჩემი და მინისტრის დამოკიდებულება დავტოვოთ ღიად, არ ვისაუბრებ ამაზე ბევრს, ვფიქრობ, ეს არის დალაგებადი და დალაგდება. აქ იყო ერთადერთი პრობლემა კომუნიკაციის და მე ასე ვფიქრობ, რომ იყო არასწორად მიტანილი ინფორმაციის ბრალი ეს ყველაფერი და დღევანდელი მდგომარეობით, ის რაც სჭირდება სპორტულ ფედერაციას, ნაკრებებს და სპორტსმენებს, აღდგენილია ფაქტობრივად 100%-ით," - აცხადებს წიკლაური.

ინიციატივას გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, რომელიმე მიმართულების გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა კონკრეტული მინისტრი, არამედ მთავრობა იღებს.

"მე მოცემულ ინდივიდზე ბევრი ვისაუბრე, ის არის არავინ, ამიტომ თქვენის ნებართვის მასზე ზედმეტ კომენტარს და დროს არ დავხარჯავდი. რაც შეეხება სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე კონკრეტული მინისტრი, მე მხოლოდ შემიძლია ერთი ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის მიმართულებით, სპორტის თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, მე, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით, კეთილსინდისიერად, არის მოწოდებული თითოეული შემოქმედი და სპორტსმენი ადამიანის ხელშეწყობისკენ, ახალგაზრდების და ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი," - ამბობს წულუკიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები