ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულები თავისუფლები არიან საკუთარ არჩევანსა და აზრის გამოხატვაში. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
დავითაშვილს „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო სამუშაო ადგილებზე პოლიტიკური ჯგუფების წვდომის ინდექსზე ჰკითხეს, რის საპასუხოდაც მან დემოკრატიული გარემოს ინვესტიციებზე გავლენაზე ისაუბრა.
„ეკონომიკა კომპლექსური სფეროა, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა ყველა საზოგადოებრივი პროცესის მიმართ, მათ შორის, რა თქმა უნდა, დემოკრატიული გარემო და სტაბილურობა პირდაპირ აისახება ეკონომიკურ პროცესებზე, საინვესტიციო განწყობებზე. ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი და ეკონომიკური გარემო გვაქვს. ეს ბევრი საერთაშორისო რეიტინგით დასტურდება. ასეთი ტიპის კვლევები და რეიტინგები მნიშვნელოვანია ინვესტორების გადაწყვეტილებებისთვის. დემოკრატიის ხარისხი კავშირშია ეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან, ეს არცაა გასაკვირი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა პირი აბსოლუტურად თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში, არჩევანში და აზრის გამოხატვაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.