2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული ღირებულების - 1.48 მილიარდი დოლარის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. სულ ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 57 ათასს შეადგენს, შესაბამისად, ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ფასი 27.5 ათას დოლარს შეადგენდა.
ყველაზე დიდი ღირებულების 688 მილიონი დოლარის 19 ათასი ავტომობილი საქართველოდან ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოში ყირგიზეთში ექსპორტირდა. ამ ქვეყანაში საქართველოდან გატანილი ავტომობილის საშუალო ფასი 36.4 ათასი დოლარია, მაშინ როდესაც წარსულში საქართველოდან ყირგიზეთში სულ $4-5 მილიონის ავტომობილები გადიოდა ექსპორტზე, ხოლო ერთი ავტომობილის ფასი 5-6 ათასი დოლარის ფარგლებში იყო, წელს კი ექსპორტის მოცულობა გაასმაგებულია. თავის მხრივ, ყირგიზეთი არ არის მიერთებული დასავლურ სანქციებთან, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ამერიკული და ევროპული ავტომობილების ექსპორტს კრძალავს, შესაბამისად, თავად ყირგიზეთიდან ამ ავტომობილების უდიდესი ნაწილი შემდგომში ყირგიზი ავტოდილრების მიერ რუსეთში იყიდება.
Sky News-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ასახავს თუ როგორ ხვდება უახლესი გამოშვების ბრიტანული თუ იტალიური ავტომობილები ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან რუსეთის ფედერაციაში.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში რეექსპორტის სახით გაყვანილი ავტომობილების სრული სია, მათი მარკების, მოდელის, ფერის, გამოშვების წლის და სხვა დეტალების მითითებით, თუმცა ამ ბაზაში დეტალური სახით არაა წარმოდგენილი რომელი ავტომობილები გავიდა ყირგიზეთში, ყაზახეთსა თუ აზერბაიჯანში. აღნიშნული ბაზის თანახმად, რეექსპორტზე გასულ 40 ათას ავტომობილს შორისაა ათასობით 2022; 2023 და 2024 წლებში წარმოებული მოდელები, მათ შორის ასობით ლუქს კლასის ავტომობილი, Land Rover-ები, Land Cruiser-ები თუ Lexus LX-ის მოდელის ავტომობილები, ასევე Lamborghini-ს, Ferrari-ის, Maybach-ის, Rolls Royce-ის, Mclaren-ისა და სხვა ძვირად ღირებული ავტომობილები.