მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ, თურქეთის ოპოზიცია მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს

თურქეთი აქცია

თურქეთის ოპოზიცია მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. პროტესტი სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ითვლება. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი 19 მარტს დააკავეს თაღლითობისა და მექრთამეობის ბრალდებით.

ერდოღანის მთავარი მეტოქის დაკავება ევროპის ლიდერებმა უკვე დაგმეს. გარდა ამისა, იმამოღლუს დაკავებას ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში საპროტესტო გამოსვლები მოყვა, რა დროსაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეები არა მხოლოდ მუნიციპალური მთავრობის შენობებთან იკრიბებიან, არამედ უნივერსიტეტებშიც მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით, დემონსტრაციები ოთხი დღით აკრძალა. სტამბოლში აქციაზე გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერმა რესპუბლიკური ხალხის პარტიიდან (CHP) ოზგურ ოზელმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ახლა სახლში დარჩენის დრო არაა.

54 წლის იმამოღლუ 2019 წლიდან სტამბოლის მერია. 2024 წლის მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა იმამოღლუმ ხმების 51%-ით დაამარცხა პრეზიდენტ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე იმამოღლუს სტამბოლის უნივერსიტეტმა აკადემიური ხარისხი გაუუქმა, ამის გამო 2028 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 2028 წლის არჩევნებისთვის ერდოღანი პრეზიდენტობის მეორე ვადას მიაღწევს, მესამედ არჩევის შემთხვევაში მას კონსტიტუციის ცვლილება მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები