თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს ექრემ იმამოღლუს 2 წლითა და 7 თვით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო სამ წელზე მეტი ხნით პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა. სასამართლომ იმამოღლუს საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფა დაუდგინა.
იმამოღლუ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად განიხილება, ამიტომ მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ერდოღანმა 2023 წლის არჩევნების წინ პოლიტიკური ოპონენტი მოიშორა.
სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარ ოპოზიციურ რეპუბლიკურ ხალხის პარტიას წარმოადგენს, სავარაუდოდ, სასამართლოს ვერდიქტს გაასაჩივრებს, თუმცა გაურკვეველია გადაწყვეტილების გადახედვა დაგეგმილ არჩევნებამდე თუ მოესწრება.
როგორც Politico წერს, უახლოესი კვლევები ერდოღანის რეიტინგის კლებაზე მიუთითებს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 84%-ს აჭარბებს. მერის მხარდამჭერები სოლიდარობის გამოსახატად სტამბოლის საბჭოს მერიისა და საბჭოს შენობების წინაც შეიკრიბნენ.
მიუხედავად რეკორდული ინფლაციისა, გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 10.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.
კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ერდოღანს მიაჩნია, რომ მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.