მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტამბოლში, ბოსფორის სრუტესთან ახლოს, თურქულ ნავთობმზიდზე დრონებით თავდასხმა მოხდა

altura

თურქული მედიის ცნობით, გამთენიისას, ბოსფორის სრუტიდან დაახლოებით 22 კილომეტრში, თურქული კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნედლი ნავთობის ტანკერზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

თურქული კომპანია Pergamon Denizcilik Isletmeleri A.S.-ის კუთვნილი ტანკერი Altura შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკიდან გამოვიდა. ნავთობმზიდზე, რომელსაც 140 000 ტონა ნავთობი გადაჰქონდა, სავარაუდო თავდასხმა ღამის 12:30 საათზე მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია, რაც დრონების წარმომავლობას გაურკვეველს ხდის. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეებში შავ ზღვაში ნავთობმზიდებზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა, რომელთა სამიზნეს ხშირად რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდავი გემები წარმოადგენდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სანქცირებულ ტვირთებზე წარსულში განხორციელებული დარტყმების გამო ზოგიერთი უკრაინული ძალების შესაძლო ჩართულობას ვარაუდობს, სხვები ფიქრობენ, რომ თავდასხმა შესაძლოა, უფრო ფართო რეგიონული დაძაბულობის ნაწილი იყოს. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, ოპერაცია გამიზნული გეოპოლიტიკური ნაბიჯი იყო თუ იზოლირებული ინციდენტი.

ტანკერს, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება და MarineTraffic-ზე "ჩრდილოვანი ფლოტის" გემადაა კლასიფიცირებული, როგორც დრონი, ისე უპილოტო საზღვაო აპარატი მოხვდა. დაზიანდა გემის ზედა ნაწილი და ძრავის განყოფილება.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ დაადასტურა, რომ შავ ზღვაში დრონით თავდასხმა განხორციელდა უცხოური დროშის ქვეშ მცურავ და თურქეთის მიერ ოპერირებად ნედლი ნავთობის ტანკერზე. თავდასხმის სამიზნე, მისი თქმით, სავარაუდოდ, ძრავის განყოფილება იყო.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს გემზე ეკიპაჟის 27 თურქი წევრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები გაიგზავნა და სიტუაციაზე მუდმივი მონიტორინგი გრძელდება.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში თურქეთში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული რამდენიმე მსგავსი ინციდენტი მოხდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააფრთხილა დაპირისპირებული მხარეები, რომ შავი ზღვა "კონფრონტაციის ზონად" არ უნდა ქცეულიყო.

თურქული საზღვაო საინფორმაციო გამოცემა Haber Denizde-ის ცნობით, ტანკერი 2024 წლამდე Besiktas Maritime-ის ფლოტში სახელწოდებით Besiktas Dardanelles ოპერირებდა. 2024 წლის მაისში გემი პანამაში დაფუძნებულმა კომპანიამ Kayseri Shipping შეიძინა და თავის ფლოტს სახელით Kayseri დაამატა. 2025 წლის ნოემბერში კი ხომალდი სტამბოლში დაფუძნებულმა Pergamon Maritime-მა იყიდა და მას Altura დაარქვა.

ტანკერს მოგვიანებით ევროპული სანქციებიც დაუწესდა.

გემი ევროკავშირის სანქციების სიაში 2025 წლის 24 ოქტომბერს მოხვდა. ამას მოჰყვა შვეიცარიისა და უკრაინის სანქციები (13 დეკემბერი, 2025) და გაერთიანებული სამეფოს სანქციები (24 თებერვალი, 2026).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები