Starbucks -ს აღმასრულებელ დირექტორად ბრაიან ნიკოლის დაქირავება 113 მლნ დოლარი დაუჯდება - ინფორმაციას Financial Times-ი აქვეყნებს.
სახელფსო პაკეტი აშშ-ს კორპორაციულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და 4-ჯერ აღემატება ყავის კაფეების ქსელის უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ხელფასს.
Starbucks-მა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ლაქშმან ნარასიმჰანი თანამდებობას ტოვებდა, მას ამ პოსტზე ბრაიან ნიკოლი ანაცვლებს, რომელიც ასევე დაიკავებს Starbucks -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელს. ინფორმაციამ Starbucks-ის აქციები 25%-ით გააძვირა, რამაც კომპანიის კაპიტალიზაციას დამატებით 21.4 მილიარდი მოუტანა.
ბრაიან ნიკოლი მიიღებს 75 მილიონ დოლარს, რათა მოხდეს Chipotle-ს დატოვებით გამოწვეული დანაკლისის კომპენსაცია, გარდა ამისა მიიღებს 10 მილიონს ხელმოწერის ბონუსის სახით და ყოველწლიურ ხელფასს დაახლოებით 28.2 მლნ დოლარის ოდენობით, რაც მოიცავს ხელფასს, პრემიას და აქციებით ჯილდოს.