ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხმარებელთა ჯგუფი ყავისა და სხვა სასმელების უმსხვილეს მწარმოებელ Starbucks-ს უჩივის. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიის მტკიცება, მათი ყავისა და ჩაის ეთიკურად მოპოვების შესახებ, მცდარი და შეცდომაში შემყვანია.
მომხმარებელთა ეროვნული ლიგა, სხვადასხვა მედიაანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გვატემალაში, კენიასა და ბრაზილიაში, საიდანაც Starbucks-ი ნედლეულით მარაგდება, ფერმებში მომუშავე ადამიანთა უფლებები ირღვევა. კომპანიის შეფუთვაზე დატანილი წარწერა “100%-ით ერთგული ყავის ეთიკური წარმოებისა” კი სიმართლეს არ შეეფერება.
“ყავის თითოეულ შეფუთვასა და ერთჯერად ჭიქაზე, Starbucks-ი თავისი მომხმარებლებისთვის ტყუილს წერს. ფაქტი ნათელია, Starbucks-ის მიწოდების ჯაჭვში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და შრომითი ძალადობის შემთხვევები არსებობს და მომხმარებელს უფლება აქვს, ზუსტად იცოდეს, რას ყიდულობს”, - ამბობს სალი გრინბერგი, მომხმარებელთა ეროვნული ლიგის ხელმძღვანელი.
ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც Starbucks-ის წინააღმდეგ სარჩელში ჩაიწერა, 2022 წელს მომხდარი ფაქტია, როდესაც ბრაზილიის პოლიციამ 17 ადამიანი, მათ შორის 3 თინეიჯერი, ყავის ფერმიდან გამოიხსნა: ისინი ღია ცის ქვეშ ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე მუშაობდნენ და 60 კგ-იან ტომრებს ეზიდებოდნენ. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა თავად Starbucks-ი მომხდართან კავშირს უარყოფს.
Starbucks-ი მსოფლიოში წარმოებული ყავის 3%-ს ითვისებს - კომპანია აცხადებს, რომ ის 30-ზე მეტ ქვეყანაში 400 000-მდე ფერმერთან თანამშრომლობს.
კომპანიამ ნედლეულის ეთიკურად მოპოვების დირექტივა 2004 წელს შეიმუშავა და მიმწოდებლებთან სამუშაო პირობებს შუამავალი პირების საშუალებით ამოწმებს. Starbucks-ი ამტკიცებს, რომ ბავშვთა შრომისადმი ნულოვანი ტოლერანტობა გააჩნია და მომწოდებლებისგან უსაფრთხო, სამართლიან და ჰუმანურ სამუშაო გარემოს ითხოვს. თუმცა მომხმარებელთა ლიგა კომპანიას ედავება, რომ ეთიკური მოპოვების გარანტიებს ისინი ვერ უზრუნველყოფენ.