შპს "სთარინგ ჯორჯია" ეძებს ლანდშაფტის არქიტექტორებს, რომლებიც მისი ეკოსისტემის ახალი შემადგენელი ნაწილის “დინოტოპიის” დაგეგმარებაზე იმუშავებენ.
ამის შესახებ კომპანიამ ბაზრის კვლევა უკვე გამოაცხადა. განაცხადის მიხედვით, იგეგმება ლანდშაფტური არქიტექტურის მომსახურების შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს „დინოტოპიას“ ტერიტორიის გამწვანების კონცეფცია და ვიზუალური ესკიზი.
„კონკურსის მიზანია, შეირჩეს საუკეთესო კონცეფცია, რომელიც პარკის თემატიკას (იურიულ პერიოდს) მოარგებს ბუნებრივ, ჭარბტენიან და ფოთლოვან ტყის გარემოს. შერჩეულ მონაწილესთან შემდგომში შესაძლებელია გამწვანების პროექტის დეტალური დამუშავებისა და სამუშაოების შესრულების საკითხის განხილვა. „დინოტოპიის“ ლანდშაფტმა ვიზიტორს უნდა შეუქმნას განცდა, რომ ის შედის ბუნებრივ, ველურ და პრეისტორიული სამყაროს მსგავსი ატმოსფეროს მქონე გარემოში. გამწვანება უნდა ქმნიდეს ბუნებრივად ჩამოყალიბებული ტყის შთაბეჭდილებას და არა ფორმალურად დაგეგმილი ქალაქის პარკის ვიზუალს”, - წერია საკონკურსო განაცხადში.
კონცეფციაში უნდა იყოს გათვალისწინებული:
- ხეების, ბუჩქებისა და დაბალი საფარის მცენარეების მრავალშრიანი განლაგება;
- მცენარეთა არარეგულარული, ბუნებრივი ჯგუფები;
- არსებული მურყანის (თხმელას) შენარჩუნება;
- ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ხილვადობის სივრცეების შენარჩუნება ბილიკებსა და დასასვენებელ ზონებში;
- ბილიკების კონცეფცია
- სკამებისა და მოსასვენებელი ადგილების კონცეფცია და განლაგება
- მოსაწევი სივრცეები
- ცოცხალი ბარიერების (შემკავებელი ბარიერები ატრაქციონებისა და დინოზავრების გასწვრივ, რათა ბავშვი არ გადავიდეს ისეთ ადგილებში სადაც ამის საჭიროება არ არის) კონცეფცია
- წყლის დასალევი შადრევნების კონცეფცია (მათ შორის ოთხფეხა ცხოველებისთვის) ● სასურველია შეიქმნას დინოზავრების მცენარეულობაში ბუნებრივი ინტეგრაციის ეფექტი - კონკრეტულ მონაკვეთებში დინოზავრი შეიძლება: ნაწილობრივ იმალებოდეს მცენარეულობაში; ჩანდეს ხეებს ან ბუჩქებს შორის; ეტაპობრივად გამოჩნდეს ვიზიტორის გადაადგილებისას; სხვადასხვა ხედვის წერტილიდან განსხვავებულად აღიქმებოდეს.
- ამასთან, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს: ვიზიტორისთვის მნიშვნელოვანი ხედები; ფოტოს გადასაღები წერტილები; უსაფრთხო დისტანციები; ექსპონატებთან ტექნიკური წვდომა.
შპს "სთარინგ ჯორჯიას" განცხადებით, “დინოტოპია" ქვეყანაში ყველაზე დიდი დინოზავრების პარკია, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.
"ჩვენი მიზანია შეირჩეს საუკეთესო ლანდშაფტის კონცეფცია, რომელიც პარკში მოსულ ვიზიტორებს იურიულ პერიოდში ამოგზაურებს", - აცხადებენ კომპანიაში.
"დინოპარკის" მოწყობა "ციცინათელას" პარკის მიმდებარედ იგეგმება. საუბარია დაახლოებით 10 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე.
ცნობისთვის
“სთარინგ ჯორჯია” აერთიანებს "ბლექ სი არენას", ასევე თბილისის საკონცერტო დარბაზს (ფილარმონია). 2025 წლის ბოლოს კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, „სთარინგ ჯორჯიას“ შეუერთდა შპს „სერვისი-7-იც“ (ციცინათელას პარკი).




























