„ქართული ოცნება“ ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს ამზადებს.
"ქართული ოცნების" მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინოვაციური სტარტაპები საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში ისარგებლებენ, მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.
როდიდან შეძლებენ სტარტაპები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას, ამაზე „ოცნების“ პრემიერს არაფერი უთქვამს, თუმცა მისი მთავრობის შემადგენლობამ სწორედ დღევანდელ სხდომაზე განიხილა „ინოვაციების შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები.
კერძო სექტორში „ქართული ოცნების“ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა როგორც „Future Lab”-ის დამფუძნებელი ამბობს, მაღალი კონკურენციის პირობებში მას უფრო მოკლევადიანი ეფექტი ექნება, ამიტომ სახელმწიფომ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ბაზარს სხვა სტრატეგია უნდა შესთავაზოს. ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვენჩუნური დაფინანსების განვითარების ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ შექმნას სტიმულები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რათა კერძო კომპანიებმა სტარტაპებში ინვესტიციები ჩადონ.
„ეს ცვლილება გავლენას მოახდენს არსებულ სტარტაპებზე და ხელს შეუწყობს, რომ რეგიონიდან საქართველოში ბევრი სტარტაპი ჩამოვიდეს, რომ შეღავათით ისარგებლოს. ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ეძებენ ისეთ ზონებს, სადაც იქნება საინტერესო საგადასახადო გარემო, თუმცა ეს არის დროებითი. კონკურენცია იზრდება, ბევრი სხვა ქვეყანა აწესებს მსგავსს შეღავათებს, ამიტომ კონცენტრაცია სხვა პროცესებზე უნდა გაკეთდეს, რადგან დარგის განვითარებისთვის ცოტა სხვა კონტრიბუცია და სტრატეგიული გზები და ნაბიჯებია საჭირო გადაიდგას.
კერძოდ, სტარტაპების განსავითარებლად მნიშვნელოვანია ვენჩურული მიმართულების ხელშეწყობა. ეს არის ის დარგი, რომელიც უზრუნველყოფს პირველი ნაბიჯების ხელშეწყობას სტარტაპების ჩამოყალიბების და განვითარებისთვის. მათ შორის ე.წ აქსელერაციის პროგრამები და მნიშვნელოვანია ეს იყოს ეროვნული პროგრამები. კარგია, რომ გლობალური ბრენდებიც ჩამოდიან ქვეყანაში და თავის ცოდნას უზიარებენ, მაგრამ ლოკალური კომპეტენცია მნიშვნელოვანია ამ კუთხით.
სტარტაპებს სჭირდებათ ხელშეწყობის მექანიზმები, თავიდან კარგი იყო რა თქმა უნდა სახელმწიფო ხელშეწყობა, ახლა მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივები კიდევ უფრო გაიზარდოს, თუმცა სწორად არის დასაგეგმი პროცესები, ანუ არა პიდაპირი ხელშეწყობით, არამედ უნდა მოხდეს იგივე კერძო სექტორის სტიმულირება, მათ შორის მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იმ კომპანიებისთვის, ვინც სტარტაპებში განახორციელებს ინვესტირებას. არის ასეთი გამოცდილება კანადაში, სხვა ქვეყნებში და საინტერესო შედეგი მოაქვს. მეტი კერძო ფულის გაჩენა, ნაკლებად გრანტებზე დამოკიდებული ადამიანის ყოლა ქვეყანაში კარგ შედეგს გამოიღებს ინდუსტრიის ზრდის თვალსაზრისით.
ძალიან რთულია მათი დარწმუნება, ვინც დღეს უძრავ ქონებაში აბანდებს ან სხვა სექტორში, რომ ჩადონ სტარტაპებში ფული. ამაზე უნდა მოხდეს დაფიქრება, როგორ შეიძლება მეტი ინვესტიცია კერძო ფული წამოვიდეს ვენჩურულ ინვესტიციებში და ჩვენ როგორც საინვესტიციო მექანიზმი, რომელიც მართავს ამ პროცესს დავეხმარებით ამ პროცესის უზრუნველყოფაში“,- აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე.
“ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ გასულ წელს განსაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში. ეს მიმართულებებია ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები.
რა ტიპის ცვლილებები შეაქვს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების შესახებ კანონში და რა საგადასახადო შეღავათები იქნება გათვალისწინებული სტარტაპებისთვის საგადასახადო კოდექსში კონკრეტულად ჯერ უცნობია. "ქართული ოცნების მესვეურებმა" წინა წელს დააანონსეს, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ როგორც საშემოსავლო, ისე მოგების გადასახადები. მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებს კი შეეძლება კვლევებსა და განვითარებაში დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და დანახარჯების 30% გრანტის სახით დაიბრუნონ.