მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Future Lab-ი ქართული სტარტაპებისთვის საინვესტიციო მზაობის გზამკვლევს შექმნის - რას გულისხმობს ის?

ვს

ვენჩურული კაპიტალის პირველი ქართული ფონდი Future Lab, კალიფორნიის შტატის Barkeley-ის უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან თანამშრომლობით, ქართული სტარტაპებისთვის საინვესტიციო მზაობის გზამკვლევზე მუშაობს. როგორც Future Lab-ის დამფუძნებელი, ირაკლი ქაშიბაძე BMGDrive-ის ეთერში აღნიშნავს, კვლევის მიზანია, სტარტაპებს ინვესტორების აღიარებამდე მისასვლელი გზა გაუმარტივოს.

"სილიკონის ველზე ნაცნობობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ხარ სტენფორდელი, გუგლის ყოფილი თანამშრომელი, ან აქსელაციის პროგრამის კურსდამთავრებული, მაშინ ინვესტორები იქით გთავაზობენ ფულს. თუ არა, დიდი გზის გავლა გიწევს იმისთვის, რომ აღიარება მოიპოვო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან კარგი პროექტი გქონდეს.

ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც მაქსიმალურად დაამოკლებს სტარტაპებისთვის ამ გზას საერთაშორისო ინვესტორების აღიარებამდე. ამ კუთხით UC Berkeley-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა პროდუქტზე, რომელიც სილიკონის ველის იმ 100 VC ფონდის იდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც მზად არიან ჩვენს რეგიონში თანხების ჩასადებად. ამაზე "ბერკლის" ხუთი MBA და PhD სტუდენტი მუშაობს ერთობლივად. ორი კვირაა, რაც დაიწყეს მუშაობა და იკვლევენ ამ ფონდებს, რა კრიტერიუმებია მათთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი სტარტაპებისთვის რა პროცესებია გასავლელი, რათა მათგან ინვესტიციები მიიღონ", - განმარტავს ირაკლი ქაშიბაძე.

როგორც Future Lab-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, კვლევის შედეგების მიხედვით ერთგვარი სახელმძღვანელო შეიქმნება, რომელიც არა მხოლოდ Future Lab-ის სტარტაპებისთვის, არამედ მთლიანად სექტორისთვის იქმნება ხელმისაწვდომი.

"იქნება სახელმძღვანელოსავით, საინვესტიციო მზაობის გზამკვლევი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ჩვენი სტარტაპებისთვის, არამედ მას გავხსნი სხვებისთვისაც, რადგან, რაც უფრო მეტი წარმატებული პროექტი იქნება რეგიონში, ეს წარმატება სხვა პროექტებზეც გავრცელდება.

იდენტიფიცირდება 100 ვენჩურული კაპიტალის ფონდი სილიკონის ველიდან, რომლებიც ფლობენ ძალიან დიდი კაპიტალს და მზად არიან, ჩადონ ფული ჩვენს რეგიონში. გეტყვით იმასაც, რომ სილიკონის ველის ფონდებს საჯაროდ არ აქვთ ფოსტის მისამართიც, ასეთი ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ასეთი კვლევის უზრუნველყოფა განაპირობებს მეტ წვდომას და მეტ შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ფონდისთვის", - აღნიშნავს ირაკლი ქაშიბაძე.

Future Lab-ისა და Barkeley-ის უნივერსიტეტის კვლევა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. როგორც ქაშიბაძე აღნიშნავს, კვლევის პროცესი შემდეგაც გაგრძელდება, რაც სტარტაპებს VC ფონდების მოთხოვნებზე დინამიკური დაკვირვების შესაძლებლობას მისცემთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები