“მთავარი პრობლემა, რაც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და ინოვაციების სწრაფ დანერგვას აფერხებს, კაპიტალის არარსებობაა”, - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით კიკვიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სტარტაპებისთვის საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
“არსებობს მსოფლიო სტატისტიკა, რომ სტარტაპების 80%-ზე მეტი მარცხს განიცდის, ვერ ვითარდება. მიუხედავად ამისა, ეს ეკოსისტემა ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან წარუმატებლობაში იბადება ინოვაციები, რომელთა დანერგვაც მნიშვნელოვანია.
უამრავ სტუდენტთან და ახალგაზრდასთან მაქვს შეხება, რომლებსაც ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვთ, თუმცა ისინი ჩანასახშივე კვდება იმიტომ, რომ ფულთან ხელმისაწვდომობის რესურსი ძალიან დაბალი გვაქვს. GITA-ს საგრანტო კონკურსები გრანტის ერთადერთი წყაროა. კომერციულ ბანკებს აქვთ დაფინანსების მცირე პროგრამები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რის გამოც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ინოვაციების დანერგვა საქართველოში”, - ამბობს კიკვიძე და დასძენს, რომ საქართველოში ინოვაციების დანერგვა საერთაშორისო კომპანიების შემოსავლებზეა დამოკიდებული.
ასოციაციის ხელმძღვანელი ქართულ თუ საერთშორისო ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ მიმართულებითაც დაბალი შესაძლებლობებია და მხოლოდ 1-2 საინვესტიციო კომპანია არსებობს.
“რაც შეეხება საერთაშორისო ფონდებს, მათი ხედვა საქართველოზე, რა თქმა უნდა, მწირია. მეორე მხრივ, ასეთი ტიპის აქტივობებისთვის სახელმწიფოს ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ინვესტორების მოძიებისთვის მაქსიმალურად მეტი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ანგელოზ ინვესტორებს მსხვილი ბაზრები უფრო აინტერესებთ.
ქართული სტარტაპების მიერ ინვესტორების მოზიდვაც პრობლემაა. ამას ალიან ბევრი მიზეზი აქვს, იქნება ეს განათლების დონე თუ ახალგაზრდების მხრიდან მიდგომა, რომ რაღაც გაბედონ და გააკეთონ, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ დაფინანსების მოსაპოვებლად მინიმუმ პროტოტიპი უნდა გქონდეს მზად, რაც გარკვეულ ხარჯებთან უკვე არის დაკავშირებული - ახალგაზრდა სტარტაპერისთვის ეს პრობლემაა”, - ამბობს დავით კიკვიძე.