Phubber-ის თანადამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძის შეფასებით, დღესდღეობით ქვეყანაში არსებული ვითარება ქართველი სტარტაპერებისთვის დასავლური ინვესტიციების მოზიდვას კიდევ უფრო გაართულებს. მან ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
ანანო დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ Phubber-მა 2023 წელს 1 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა და სამომავლოდაც გეგმავს დაფინანსების ახალი რაუნდის გამოცხადებას ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც პლატფორმის ახალ ბაზრებზე განვითარებას მოხმარდება.
BM.GE დაინტერესდა, როგორ აისახება ქვეყანაში არსებული ვითარება, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ინვესტორებთან ურთიერთობაზე.
Phubber-ის თანადამფუძნებლის თქმით, გლობალური ტენდენციების თუ უკრაინაში ომის გავლენით ისედაც გართულებული იყო სტარტაპერებისთვის ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოში არსებული ვითარება კი კიდევ უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს. ანანო დოლაბერიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე სვლა გააგრძელოს და საბოლოოდ მისი ნაწილი გახდეს.
“აქამდეც რთული იყო, რომ ქართული ბიზნესით დააინტერესო დასავლელი ინვესტორი. თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ რისკს ხედავენ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებაში. ამას ზემოდან დამატებული ის პრობლემები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, რა თქმა უნდა მეტ რისკს აჩენს. ჩვენთვის, სტარტაპებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი და დასავლეთიდან ინვესტიცია შემოვიდეს.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავლენა აქვს და ექნება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს მოცემულობა აუცილებლად შეიცვლება. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი გაგვიჩნდება სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ გზას არ გადავუხვიოთ და ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს მომავალთან და სტარტაპერების გეგმებთან”,- თქვა ანანო დოლაბერიძემ.