მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპი, რომელიც აგრარულ სექტორში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ამოქმედდება

64a57a898785d
სალომე ხიდურელი
09.07.23 17:50
697
AI Farmer - ასე ჰქვია სტარტაპს, რომელიც ფერმერებს სასათბურე მეურნეობების მართვაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაეხმარება და ბაზარზე თავისი აპარატურის პირველად ვერსიას, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის წარადგენს - ამის შესახებ BM.GE-სთან სტარტაპის თანადამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ხანიშვილი საუბრობს.

„ჩვენ ვქმნით სათბურის მენეჯმენტის სისტემას (მოწყობილობას), რომელიც აღიქვამს სათბურის მდგომარეობას და, ანალიზის შემდეგ, ფერმერისთვის ყველაზე ოპტიმალურ სამოქმედო გეგმას აყალიბებს. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სააერთიანებს აგრონომების ცოდნასა და ერთეულებისგან შეგროვებულ სტატისტიკას, გაითვალისწინებს სათბურში არსებულ სიტუაციას, ფერმერს გაუგზავნის რეკომენდაციებს და დამოუკიდებლად გააკონტროლებს ირიგაციასა და მსგავს სისტემებს.

სტარტაპის კონცეპტი მხოლოდ სასათბურე მეურნეობით არაა შეზღუდული, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს მოდელს ამ სივრცეში ვხვეწავთ, რათა, შემდგომ, სხვა სფეროებსაც მოვარგოთ. ბუნებირვია, სისტემის მუშაობისთვის გადამწყვეტი ფაქტორი საინფორმაციო ბაზაა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწება“, - ამბობს გიორგი ხანიშვილი.

მისი განმარტებით, აღჭურვილობა, რომელიც სათბურებში დამონტაჟდება და ხელოვნური ინტელექტით იმართება, ფერმერს მათი ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდება, აპლიკაციაზე მუშაობა კი მიმდინარე ზაფხულს დაიწყება.

„თავდაპირველად იდეა სხვა პროექტზე მუშაობისას გაგვიჩნდა, რის შემდეგაც სიღრმისეული კვლევა იმერეთის რეგიონში ჩავატარეთ, რათა შეგვეფასებინა, რა საჭიროებები იყო ამ სექტორში. დავადგინეთ, რომ სათბურთა დიდი რაოდენობა ტექნოლოგიურად განუვითარებელია, მაგრამ ფერმერთა მზარდ რაოდენობას სურს, მსგავსი აღჭურვილობის ინტეგრირება. გვჯერა, რომ ასეთი სისტემების დანერგვას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენს მიერ დამონტაჟებული ყოველი ერთეული ამ პროცესს დააჩქარებს.

ბუნებრივია, ეს პროცესი აგრარულ სექტორში ახალგაზრდების ჩართულობასაც გაზრდის. ჩვენ უკვე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ არაერთ უნივერსიტეტთან, რომელთა სტუდენტებმაც გამოხატეს არა მხოლოდ მწვავე ინტერესი, არამედ შეხვედრების შემდეგ ჩვენს გუნდსაც შემოუერთდნენ. ასევე, ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ სკოლებთანა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რათა აგრარული ინოვაციების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი გავზარდოთ“, - ამბობს AI Farmer-ის თანადამფუძნებელი.

სტარტაპმა რამდენიმე თვის წინ GITA-ს „მცირე საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვა და 15 000-ლარიანი ინვესტიციით საიტისა და აპარატურის პროტოტიპები შექმნა, რომელთა დასახვეწადაც დამატებითი გრანტების მოძიებაა საჭირო. გიორგი ხანიშვილის თქმით, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო თანხის მოძიებაზე კომპანია უკვე მუშაობს, რასაც AI Farmer-ის გუნდი, ამ ეტაპისთვის, მთავარ გამოწვევად მიიჩნევს.

კითხვაზე, რამდენად გაზრდის სასათბურე მეურნეობებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ფერმერების ხარჯებს, სტარტაპის დირექტორი განმარტავს, რომ მათი მიზანი ფერმერთა ხარჯების შემცირებაა, რასაც მათი რესურსების არაოპტიმალური გამოყენების პრევენციით შეძლებენ: „ფერმერი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რა მომსახურებისა და ტექნოლოგიის შეძენა სურს, რითაც არც ზედმეტს გადაიხდის და მის ბიუჯეტსაც სრულად მოერგება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები