სტატისტიკა რადიკალურად შეცვლილია, - ასე აფასებს "აგროექსპორტის" დამფუძნებელი, ლევან ჯანაშია ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესების ეფექტს, რომელიც 2025 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა. როგორც ჯანაშიამ “საქმის კურსში” საუბრისას აღნიშნა, თუ საიმპორტო გადასახადის დაწესებამდე ფქვილის 95-90% იმპორტირებული იყო რუსეთიდან, დღეს ეს მაჩვენებელი განახევრებულია და ადგილობრივ ბაზარს შესაძლებლობა მიეცა რომ ამუშავდეს.
“ცხადია, სტაბილურობისთვის სასურველია, რომ ყველაფერი უკეთესად იყოს, თუმცა მუშაობის წინაპირობები არსებობს. მაგალითად, არ არის მოხსნილი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ სფეროს ახასიათებს ხოლმე - ეს გახლავთ განჭვრეტადობა და განსაზღვრადობა სამომავლო ურთიერთობებისთვის. მაგალითად, საექსპორტო გადასახადი, რომელიც რუსეთის მიერაა დაწესებული, ყოველკვირეულად ცვლადია და ეს გრძელვადიანი ფინანსური გათვლების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. თუმცა, საერთო ჯამში, საიმპორტო გადასახადმა საშუალება მისცა საწარმოებს, რომ ამუშავდნენ”, - აღნიშნა “აგროექსპორტის” დამფუძნებელმა.
რაც შეეხება ბაზარზე ფასების ტენდენციას, როგორც ლევან ჯანაშია ამბობს, ამ ეტაპზე იმპორტირებული პროდუქტი ცოტა უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი.
“თუმცა გარკვეულ შემთხვევაში არის პროდუქცია, რომელზეც ფასი შეიძლება თანაბარი იყოს, ან ცოტა უფრო იაფიც. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს - საბაჟო კონტროლის პრობლემებით, კერძოდ, კანონის გვერდის ავლით პროდუქციის შემოტანით დაწყებული, მოთხოვნით და ხარისხის და ფასის თანაფარდობით დასრულებული. თუმცა, საერთო ჯამში, დაახლოებით 50-კილოგრამიან ტომარაზე 3-4 ლარით უფრო ძვირია რუსული იმპორტირებული ფქვილი ქართულ ფქვილთან შედარებით”, - განმარტა მან.
საქართველო ხორბლის 100% და ფქვილის 97%-ს რუსეთში ყიდულობს - 7 თვის სტატისტიკა
ცნობისთვის, მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება 2024 წლის 27 აგვისტოს გამოიცა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი ისევ 250 ლარია. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარია.