მთავრობამ პარლამენტს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი საქსტატის ავტორობითა და მთავრობის ინიცირებით პარლამენტს 11 იანვარს წარედგინა. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სტატისტიკის წარმოების ახალი კანონი სრულად შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
კანონპროექტი ადგენს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებებსა და მოვალეობებს, მათი მოქმედების სფეროებს, სტატისტიკის შემუშავებისა და სხვა.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრები არიან საქსტატი, ეროვნული ბანკი და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები. ახალი კანონით გამოიკვეთება საქსტატის, როგორც წამყვანი სტატისტიკური ორგანოს როლი სისტემის კოორდინაციაში (გარდა ეროვნული ბანკის საქმიანობის კოორდინაციისა, ვინაიდან სებ წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს და მის მიერ სტატისტიკის წარმოების უფლებამოსილება და ფუნქციები განსაზღვრულია ეროვნული ბანკის შესახებ კანონით). შესაბამისად, კანონპროექტით იზრდება საქსტატის ფუნქციები.
კანონპროექტით ასევე იცვლება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის არჩევის წესი და იზრდება მისი ფუნქციები. ფუნქციების ზრდა ძირითადად ეხება მეთოდოლოგიებისა და კითხვარების დამტკიცების წესს, რომლებსაც მოქმედი კანონით საქსტატის საბჭო ამტკიცებს. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი შეირჩევა საბჭოს წევრების შერჩევისგან განცალკევებით. კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატი აირჩევა საკონკურსო კომისიის მიერ, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შეიქმნება.
კანონპროექტის თანახმად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ამის შემდეგ პრემიერი პარლამენტს თანხმობისთვის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე წარუდგენს შერჩეულ ორ კანდიდატურას. პარლამენტის თანხმობის შემდეგ კი შერჩეულ პირს პრემიერი დირექტორად დანიშნავს. დირექტორად დანიშვნისთანავე ის საქსტატის საბჭოს წევრი გახდება.
მოქმედი კანონით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ჯერ უნდა გახდეს საქსტატის საბჭოს წევრი, შემდეგ საბჭოს წევრების მხრიდან მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს წარედგინება, რომელიც წარდგენილ პირს 4 წლის ვადით დანიშნავს. კანონპროექტით აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ოთხი წლის ვადით აირჩევა და ერთიდაიგივე პირს მხოლოდ ორი ვადით შეეძლება ამ თანამდებობის დაკავება. ამას გარდა, ახალი კანონპროექტით იცვლება საქსტატის საბჭოს წევრთა რაოდენობა, მათი შერჩევისა და დანიშვნის წესი, ასევე მათი ფუნქციები და როლი. კერძოდ, საბჭოს სტატისტიკური მეთოდოლოგიების დამტკიცების ფუნქცია აღმასრულებელ დირექტორს გადაეცა.




























