კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"
გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების გაყიდვებმა ბენზინის ავტომობილებს პირველად გადაასწრო
Carbon Brief-ისა და New AutoMotive-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვეში ბრიტანეთში ელექტრომობილების (BEV) გაყიდვებმა პირველად გადაასწრო ბენზინის ძრავიან ტრანსპორტს. ბაზარზე გაიყიდა 516,490 ახალი ელექტრომობილი, 504,010 ბენზინის მოდელის წინააღმდეგ. მხოლოდ ივნისში BEV რეგისტრაციები წლიურად 38%-ით გაიზარდა (64,440 ერთეული) და მთლიანი ბაზრის 30% დაიკავა. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრადიციულ ძრავებზე მოთხოვნის კლება საწვავის მაღალმა ფასებმა და ხელმისაწვდომი EV მოდელების ასორტიმენტის ზრდამ განაპირობა.
Tesla ბრიტანეთის ბაზარზე პოზიციებს იბრუნებს
New AutoMotive-ის მონაცემებით, ივნისში Tesla-ს გაყიდვები გაერთიანებულ სამეფოში 42%-ით გაიზარდა და 12,403 ერთეული შეადგინა, რითაც ბრენდმა ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობა შეინარჩუნა. შედარებისთვის, ჩინურმა BYD-მა 9%-იანი ზრდით 2,999 ავტომობილი გაყიდა. მიუხედავად Tesla-ს ივნისის რეკორდული მაჩვენებლისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე ზრდა 2026 წლის იანვარში დაფიქსირებულ 57%-იან მკვეთრ ვარდნას და გასული წლის დაბალ საბაზისო პოზიციას უკავშირდება.
იაპონური ავტო გიგანტების ალიანსი: Honda, Nissan და Mitsubishi პროგრამულ კოოპერაციას გეგმავენ
სააგენტო Reuters-ის ცნობით, Honda, Nissan და Mitsubishi სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებენ, რაც 2029-2030 წლებისთვის საერთო, მართვის ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს. კოალიცია მიზნად ისახავს ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც კრიტიკულია Honda-სთვის, რომელმაც ელექტრომობილების (EV) ბაზარზე დაგვიანებული შესვლისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების გამო $2.7-მილიარდიანი წმინდა ზარალი დააფიქსირა. განვითარების გაზიარება აუცილებელია გაყიდვების ვარდნის ფონზე, თუმცა ბარიერად რჩება ფრანგული Renault, რომელიც წლების განმავლობაში Nissan-ისა და Mitsubishi-ს მოკავშირეა და პარტნიორობის დაბლოკვას ცდილობს.
აზიური ავტო ბაზარი: BYD-ისა და Xiaomi-ს აქციები მიწოდების ზრდის ფონზე გამყარდა
ჰონგ-კონგის ბირჟაზე BYD-ის აქციები 9%-ით, ხოლო Xiaomi-სი 5%-ით გაიზარდა, რაც ივნისის მიწოდების პოზიტიურმა მაჩვენებლებმა განაპირობა. Xiaomi-მ ზედიზედ მესამე თვეა 30,000-იან ნიშნულს გადააჭარბა, რითაც წლიური გეგმის 33% (180,000 ერთეული) შეასრულა. ამასთან, BYD-ის გაყიდვები ივნისში 5.46%-ით, 403,472 ავტომობილამდე გაიზარდა. Deutsche Bank-ის პროგნოზით, მეორე კვარტალში რეალიზაციის 58%-იანი ზრდის (1.1 მლნ ერთეული) შედეგად, კომპანიის წმინდა მოგება კვარტალურად 145%-ით მოიმატებს და 10 მილიარდ იუანს მიაღწევს.
ვატიკანის ავტოპარკის ეკოლოგიური მოდერნიზაცია: Stellantis-ი წმინდა საყდარს ელექტრომობილებს მიაწვდის
Fiat-მა ვატიკანის გუბერნატორატთან შეთანხმება გააფორმა, რომელიც „ეკოლოგიური კონვერსია 2030“ პროგრამის ფარგლებში 30 ერთეული ელექტროტრანსპორტის მიწოდებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ქვეყანა 20 ერთეულ Fiat Topolino-ს კვადრიციკლსა და სამბორბლიან ელექტროპიკაპ TRIS-ს მიიღებს, რომლებიც მცირე მანძილზე ტვირთებისა და სასულიერო პირების გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი. Topolino-ს მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, ხოლო მისი სავალი მანძილი 74 კილომეტრს შეადგენს. ინიციატივა მიზნად ისახავს 44 ჰექტარი ფართობის მქონე მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქ-სახელმწიფოში ნახშირორჟანგის კვალის შემცირებას და მდგრადი მობილობის განვითარებას.





























