მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტიგმასავითაა, რომ თუ ტანსაცმელი საქართველოშია შეკერილი, იაფი უნდა იყოს“ - რა გამოწვევებია ტანსაცმლის წარმოებაში?

made in georgia

საქართველოში ტანსაცმლის წარმოებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ყოველდღიურად ვითარდება. დღესდღეობით ტანსაცმლის ინდუსტრიაში, დაახლოებით, 200 კომპანია მუშაობს, რომელთა უმრავლესობა ზომით მცირე ან საშუალოა.

მიუხედავად მსგავსი მასშტაბებისა, ტანისამოსის წარმოება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომლებზეც BMG-ს „საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ჩემინავა უყვება.

„წარმოებაში სამი მთავარი პრობლემა გვაქვს: წარმოებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ექსპორტისთვის ლოჯისტიკის გამართვა.

ერთგვარი სტიგმასავითაა, რომ ჰგონიათ, რადგან საქართველოშია ნივთი წარმოებული, აუცილებლად იაფი უნდა იყოს და ყოველთვის ამაზეა მსჯელობა, რომ იმპორტულ ტანსაცმელზე ძვირი ან იგივე ფასი რატომ უნდა ღირდეს „made in Georgia” პროდუქტი. რეალურად, საქართველოში წარმოებული პროდუქტი არანაკლებ ხარისხიანია. რადგან საქართველოში ქსოვილის წარმოება არ გვაქვს, ხშირად ვიყენებთ თურქეთიდან, ასევე იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და იაპონიიდან იმპორტულ ტექსტილს, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის მქონე, ძვირად ღირებული პროდუქტია და ხშირად იყენებენ მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები. აქედან გამომდინარე, წარმოები ხარჯები მაღალია და უცხოურ ბრენდებთან კონკურენციაში შესვლა გვიჭირს“ - ამბობს გიორგი ჩემინავა.

რაც შეეხება კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, ასოციაციის თავმჯდომარე ამის გამომწვევ მიზეზად სასწავლო პროგრამების ნაკლებობას ასახელებს.

„რატომღაც საქართველოში არ არის ინტერესი, რომ წარმოებაში იმუშაონ. ურჩევნიათ, რომ დიზაინის მიმართულებით ან ტოპ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმდნენ. არადა უშუალოდ წარმოებაში მაღალკვალიფიციური კადრები ნაკლებად მოიძებნება, რაც იმითაა განპირობებული, რომ თანამედროვე ბაზარზე სასწავლო პროგრამები არ არსებობს და, ვინც მუშაობს მათი უმრავლესობა, 45 წელს გადაცილებულია, ვინც წლებია ამ სფეროში მუშაობენ. „ახალი სისხლი“ ამ სფეროში ნაკლებადაა“, - აღნიშნავს ჩემინავა.

გარდა ამისა, ჩემინავას თქმით, საქართველოდან პროდუქციის უცხოეთში გაგზავნა იმდენად ძვირი ჯდება, რომ მწარმოებლებს ამ ხარჯის გაწევა არ უღირთ: „როდესაც საიტიდან ნივთი საზღვარგარეთ იყიდება და გაგზავნის ღირებულებას ვითვლით, თითქმის იგივე ჯდება, რაც თვითონ პროდუქტი და ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია“. ცნობისთვის, „ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია“ დღემდე 30-ზე მეტ ქართულ ბრენდს აერთიანებს. ასოციაცია 2019 წელს პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები