მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში სამშვიდობო მოლაპარაკებების განსაახლებლად ჩავლენ

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიმდინარე თვეში კიევს ეწვევიან. ისინი უხელმძღვანელებენ ამერიკულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეეემიც იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა Bloomberg-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ვიზიტი, სავარაუდოდ, მართლმადიდებლური აღდგომის შემდეგ შედგება.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა მედიას სანდო წყარო უდასტურებს, რომ ვიზიტის დეტალები ამჟამადაც ზუსტდება.

ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისგან რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას აქტიურად ითხოვს. შეგახსენებთ, გასულ წელს დაპირისპირებული მხარეებისთვის წარდგენილი გეგმის მიხედვით, უკრაინამ ომის დასრულებიდან 100 დღეში არჩევნები უნდა ჩაატაროს, რაც კიევისთვის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პუნქტია. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს იმასაც, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასის რეგიონის სრულ დათმობას ითხოვს, თუმცა ამ ცნობებს შტატებში კატეგორიულად უარყოფენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

უიტკოფი-კუშნერის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ კიევში ახლო აღმოსავლეთის ომის გამო უკრაინის საკითხის გვერდით გადაწევაზე შიშობენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შესაძლოა უკრაინის თემის ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებიდან ამოღება გამოიწვიოს და თეთრმა სახლმა ომის “მარტივად” მოგვარება სცადოს. ცალკე საკითხია, რომ ვაშინგტონის ყურადღების ირანზე გადატანა პირდაპირ გავლენას ახდენს უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობაზე.

Associated Press-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ქვეყნისთვის მხარდაჭერის შემცირების რისკებს შეიცავს, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის პოზიციებს კიდევ უფრო დაასუსტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები