მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სტორი - 1“ ჰესის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება - ეკონომიკის სამინისტრო

ნამოხვანჰესი

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, მდინარე სტორზე მდებარე „სტორი - 1“ ჰესის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 33.6 მგვტ-ია და მისი წლიური საპროექტო გამომუშავება - 150 მლნ. კვტ.სთ უნდა იყოს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება თითქმის 45 მლნ დოლარია. "სტორი 1 ჰესს“ შპს სტორი აშენებს. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ვაჟა ციგროშვილია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება 2023 წლის ბოლოს მოხდებოდა.

როგორც BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი პროექტის ცვლილება გახდა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კომპანიამ განახორციელა პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგადაც პროექტმა განიცადა ცვლილება, მათ შორის, გაიზარდა სავარაუდო დადგმული სიმძლავრე და წლიური გამომუშავება, ასევე დაზუსტდა სავარაუდო ინვესტიციის ოდენობა.

"2023 წლის 28 თებერვალს, კომპანიამ მიმართა სამინისტროს მდინარე სტორზე, კაშხლისა და წყალმიმღები ნაგებობების მშენებლობის დასრულების ვადის ორი წლით გადაწევის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა. „სტორი 1 ჰესის“ ექსპლუატაციაში შეყვანის ვადად 2025 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა", - აცხადებენ სამინისტროში.

„სტორი - 1“-ის სამშენებლო სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი გაეცნო. სამინისტროს ცნობით, პროექტის მშენებლობის ეტაპზე სხვადასხვა პერიოდულობით დასაქმებულია 300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო სადგურის ოპერირების ფაზაზე მუდმივად 30-მდე ადამიანი დასაქმდება. ამას გარდა, სამშენებლო სამუშაოებში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ამ მიზნით, ინვესტორმა კომპანიამ ადგილობრივი პერსონალის გადამზადების პროგრამები დააფინანსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები