სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. განაჩენის თანახმად, რუსეთის ფედერაციას, რომელიც ფაქტობრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებს, გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ეს არის მორიგი გამარჯვება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სასამართლოზე სარჩელის მზადებით და მტკიცებულებათა შეგროვებით იყო დაკავებული.
“დღეს სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც დადგინდა დარღვევა სიცოცხლის უფლების და პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის რაზედაც სასამართლო წინა გადაწყვეტილებებშიც საუბრობდა და ეს არის დიდი გამარჯვება საქართველოში მომუშავე იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე. ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას მტკიცებულებების მოძიებაში თანამშრომლობისთვის", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნნენ, მათ შორის რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე განახორციელა გასროლა ოთხოზორიას მიმართ.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონვენციის მე-2, სიცოცხლის უფლების მუხლი და ასევე 38-ე მუხლი, რაც რუსეთს აკისრებდა ვალდებულებას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის დეტალები წარედგინა.