მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა, მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და საქმიანი დიალოგი" - რატი ბრეგაძე გავლენის აგენტების კანონპროექტზე

6406ec25304ef
ინგა მურუსიძე
07.03.23 12:05
648
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე თავს არიდებს პირდაპირ უპასუხოს შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს.

საქმე ის არის, რომ ბრეგაძე დღეს ქალი პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც მედიის წარმომადგენლებმა კანონპროექტების შეფასება სთხოვეს. რატი ბრეგაძე მედიის წარმომადგენლებთან დაახლოებით 25 წუთი იდგა და ძირითადად ჟურნალისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

„თქვენ გინდათ, რომ პირდაპირ ეთერში იყვიროთ. გნებავთ გადაახვიეთ, გნებავთ გადმოახვიეთ, ნუ ნერვიულობთ... დამშვიდდით, ნუ ღელავთ... ყველაფერი კარგად არის და იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.

მედიის წარმომადგენლების არაერთ კითხვაზე, რას უპასუხებდა ის კრიტიკას რუსულ კანონზე, მოსწონს თუ არა რუსული კანონპროექტები და ა.შ., ბრეგაძე პირდაპირი პასუხებისგან თავს იკავებს:

„რაც შეეხება კანონპროექტს, კონსტიტუციის თანახმად, კანონის მიღებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ის გადაწყვეტს, მიიღონ თუ არა ეს კანონპროექტი. რაც შეეხება ნებისმიერ კანონპროექტს, არა მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელსაც სხვა სახელი ჰქვია, ვიდრე თქვენ მოიხსენიებთ, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს. ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პირველი არის პოლიტიკური და მეორე სამართლებრივი. პირველ ნაწილს რაც შეეხება, ძალიან მაღლა არის აწეული პოლიტიკური ტემპერატურა, და სასურველია, რომ ეს დაცხრეს მთელი ეს სიტუაცია იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგეების საზოგადოებისთვის გახდეს მაქსიმალურად ცხადი. ამ ყველაფერმა უნდა მიიღოს ჯანსაღი ფორმა იმისთვის, რომ თქვენც გაიგოთ რაზე არის საუბარი, სხვამაც გაიგოს და თავად გადაწყვიტოს ადამიანმა, მიემხრობა თუ არა მას. საჭიროა, მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და საქმიანი დიალოგი ამ საკითხის გარშემო. სამართლებრივ მიმართულებას რაც შეეხება, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, ეწინააღმდეგება თუ არა ის კონსტიტუციას, არის თუ არა წინააღმდეგობაში ევროდირექტივებთან, ეწინააღმდეგება თუ არა საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კანონმდებლობას“, - ამბობს რატი ბრეგაძე.

მინისტრი დასძენს, რომ ხმაურსა და აჟიოტაჟში საგნობრივი საუბარი შეუძლებელია. "ძალიან ამაყი და მოხარული ვარ, რომ მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელმაც ჩამოაყალიბა 78-ე მუხლი და ძალიან მოხარული ვარ, რომ მივეკუთვნები იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდში გაჩნდა კონსტიტუციაში ჩანაწერი და ყველა სახელმწიფო უწყებას ვალდებულება გაუჩნდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გაკეთდა ყველაზე მეტი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებისთვის. ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. „ქართული ოცნება“ არის ყველაზე პროევროპული ძალა საქართველოში, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს. არავინ გვაიძულებდა გაგვეკეთებინა ეს კონსტიტუციური ჩანაწერი“, - თქვა ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები