მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სტრატეგიული პარტნიორების გარეშე, საერთაშორისო არენაზე ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელება შეუძლებელია" - ვალერი ჩეჩელაშვილი

ვალერე ჩეჩელაშვილი

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის შეფასებით, საერთაშორისო არენაზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების განხორციელება სტრატეგიული პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს საგარეო კურსზე, "ქართული ოცნების" რიტორიკასა და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობის შესახებ ვალერი ჩეჩელაშვილმა "ანალიტიკის" ეთერში ისაუბრა.

ის მიიჩნევს, რომ სტრატეგიული პარტნიორებისა და ძლიერი გეოპოლიტიკური მოკავშირეების გარეშე, მხოლოდ ინტერესების დეკლარირება, ქვეყანას იზოლაციაში აქცევს და დასახული მიზნების მიღწევას შეუძლებელს ხდის.

დიპლომატის განმარტებით, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი დასავლეთთან მჭიდრო კავშირია. ჩეჩელაშვილი ხაზს უსვამს, რომ მათ შორის "არაღიარების პოლიტიკის" ეფექტიანობაც პირდაპირ არის დამოკიდებული აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის ხარისხზე.

"ქართული ოცნება" და მისი მოლაპარაკე პოლიტიკოსები, ხელმძღვანელები, აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესები საგარეო არენაზე. [მათი თქმით,] ჩვენ არავის არ უნდა დავუგდოთ ყური და არავის არ უნდა დავექვემდებაროთ და არავისთან მაინცდამაინც არ უნდა ვიყოთ დაკავშირებულები. იმაში, რომ მთავარია საქართველოს ეროვნული ინტერესები, სრულიად ვეთანხმები, ვინ შეიძლება ეს არ გაიზიაროს, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ინტერესების დეკლარირება საკმარისი არ არის. რეალურად, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო არენაზე, ასეთ ძალიან ტურბულენტურ ვითარებაში, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინტერესების იმპლემენტაცია მოვახდინოთ. საერთაშორისო არენაზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელება სტრატეგიული პარტნიორების და ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივები უზრუნველვყოთ, სერიოზული პარტნიორები გვჭირდება.

"ქართული ოცნებაც" ამბობს და სრულიად სამართლიანად, რომ მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ არაღიარების პოლიტიკაა. ძალიან კარგია, რომ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული. მაგრამ აქვს "ოცნებას" შესაძლებლობა, გააძლიეროს ეს არაღიარების პოლიტიკა, თუ მან ურთიერთობები ვერ გამოასწორა ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკასთან? არ აქვს. ჩვენ რომ კარგი ურთიერთობები გვქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან მარტივად მოვახდენდით ვენესუელას და სირიის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების აღიარებების გაწვევას. მაგრამ ეს "ქართულმა ოცნებამ" ვერ განახორციელა, თუმცა ძალიან მარტივი გასაკეთებელი იქნებოდა", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველომ არავის უნდა „დაუჯეროს“ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელოს. დიპლომატის თქმით, ამგვარი მიდგომა ქვეყანას რთული გამოწვევების წინაშე მარტოს ტოვებს.

მან ასევე მკაფიოდ განმარტა განსხვავება იმ გზავნილებს შორის, რომლებიც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მოდის და იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც კრემლი საქართველოს უყენებს.

"შალვა პაპუაშვილის ბოლო განცხადებები რომ გავაანალიზოთ, ის ამბობს, რომ ჩვენ არც რუსეთს არ უნდა დავუჯეროთ, არც ევროპას, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ძალიან კარგი, მაგრამ ეს რას ნიშნავს? რომ პრაქტიკულად ჩვენ, როგორც კომპაქტური ქვეყანა, საკუთარი ინტერესების რეალიზაციის პროცესში მარტონი ვრჩებით.

აქ საკმარისია, კარგად გააანალიზო ამერიკელების, ევროპელების და რუსების განცხადებები, რომ მიხვდე, ვინ არის სინამდვილეში შენი მოწინააღმდეგე და მტერი და ვინ არის შენი პარტნიორი და კეთილმოსურნე. მაგალითად, როგორი კრიტიკულიც არ უნდა იყოს ევროპელების და ამერიკელების განცხადება საქართველოსთან მიმართებით, აუცილებლად ეს განცხადება მთავრდება აბზაცით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და როგორი კარგი განცხადებაც არ უნდა იყოს რუსების მხრიდან, ბოლოს ის მთავრდება იმით, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ახალი გეოპოლიტიკური რეალობები და ამის შემდგომ, რაც ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ჩვენი ურთიერთობების გამოსწორება შესაძლებელი იქნება. ამის ფონზე ცალკე ყოფნაზე ვერ ვისაუბრებთ", - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები