ბოლო წლებში, სტრიმინგ-ბიზნესი აქტიურად ვითარდება არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც, სადაც ამ მიმართულებით მოწინავე კომპანია - Setanta Sports-ია, რომელიც მსოფლიოს 15 ქვეყანაში ოპერირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო გაფართოებას კომპანია თბილისში მდებარე სათავო ოფისიდან ახერხებს.
Setanta Sports-ის ბოლო დროინდელ შედეგებზე და კომპანიის მიერ დანერგილ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე TECH INFORM-ში დირექტორთა საბჭოს წევრმა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა, ლევან გვარამიამ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტრიმინგ-პლატფორმის ქონა კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებლამდე ის ემოცია მიიტანოს, რომელიც მას საყვარელი გუნდისა თუ ათლეტის გამოსვლის დროს შეიძლება დაეუფლოს.
“სპორტი ის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი სფეროა, რომელშიც მომხმარებლების აბსოლუტურ უმრავლესობას გარკვეული კონტენტის პირდაპირ ეთერში მიღება სჭირდება. ამგვარად, პირდაპირი ეთერის მომენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცალსახად ცხადია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ყველა ღონისძიებას ადამიანი ფიზიკურად ვერ დაესწრება და შესაბამისად, დგება ამ პროცესის მასშტაბირების საჭიროება. ციფრულ შესაძლებლობების გამოყენებით, მნიშვნელოვანია, ემოციების ეს ბუკეტი მომხმარებლამდე ისე მივიტანოთ, რომ შევქმნათ გამოცდილება, რომლის დამსახურებითაც მომხმარებელი იგრძნობს, როგორც საყვარელი გუნდისა თუ ათლეტის გამარჯვებას, ასევე მის მარცხს. ეს არის ის ემოცია, რომელიც ღონისძიების ნახვით უნდა განიცადო.
აქედან გამომდინარე, ჩნდება ამ პროცესის მასშტაბირების აუცილებლობა. დღევანდელი ტექნოლოგიები, საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ხოლო ჩვენ, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მახასიათებლები გვაქვს, თუ როგორ შეიძლება ეს გამოცდილება ღონისძიების ჩატარების ადგილიდან მომხმარებლის ეკრანამდე ისე მივიტანოთ, რომ მან ის ემოცია შეიგრძნოს, რომელიც სპორტის გულშემატკივრისთვის ასეთი მნიშვნელოვანია - ამას, Setanta Sports-ის სტანდარტს ვუწოდებთ”, - აღნიშნავს Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი, ლევან გვარამია TECH INFORM-ში სტუმრობისას.