თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების რექტორის, ვატო ლეჟავას განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმით გამოწვეული ცვლილებების მიუხედავად, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემთხვევაში ყველაფერი კეთდება, რომ არსებული წნეხი აბიტურიენტებზე ნაკლებად აისახოს. რექტორის განმარტებით, სასწავლებლები ყველა იმ ფინანსურ თუ ორგანიზაციულ ტვირთს, რაც ამ ცვლილებებს ახლავს, საკუთარ თავზე იღებენ.
“ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს ცვლილებები, რომლებიც დაიგეგმა და თავს დაგვატყდა ჩვენც, უნივერსიტეტებს და აბიტურიენტებსაც, რაც შეიძლება ნაკლებად ხელშესახები ყოფილიყო აბიტურიენტებისთვის და ყველა ის ტვირთი, რომელიც ამ ცვლილებას თან ახლავს, ჩვენს თავზე აგვეღო.
როგორც იცით ცოდნის ფონდის უნივერსიტეტები - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები - ქართულენოვანი უნივერსიტეტებია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას, ამდენად უცხოელები ჩვენი აუდიტორია არ არის და ამას არ შევცვლით.
მეორე - ჩვენ არ შეგვიცვლია სწავლის საფასური. სწავლის საფასური პროგრამის ხანგრძლივობასთან მიმართებით იგივე დარჩება, თუმცა ჯამში აბიტურიენტებს შეუმცირდებათ ეს გადასახადი, იმიტომ რომ უფრო მოკლე დროის განმავლობაში ისწავლიან.
ჩვენ ძალაში დავტოვეთ ჩვენი დაპირება, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი მიიღებს 4000 ლარს. ესეც არ შეგვიცვლია.
თითქმის ერთი ათეული წელია, ჩვენ სოციალურად დაუცველებს ყველას სწავლის გადასახადისგან ვათავისუფლებთ. მათ ცოდნის ფონდი უხდის გადასახადს და ამ პროგრამასაც ძალაში ვტოვებთ. ისე რომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს სტრესი და წნეხი, რომელიც წლევანდელ აბიტურიენტებს აქვთ ამ ცვლილებებით, მაქსიმალურად უნივერსიტეტების ხარჯზე იყოს და არა მათ ხარჯზე", - ამბობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი ვატო ლეჟავა.




























