სწორად და მიზანმიმართულად განხორციელებული სუბსიდირება საქართველოს სოფლის მეურნეობაში აუცილებელია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
bm.ge - იმ მინისტრს ჰკითხა, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება თხილის ნაწილში იმ ფონზე, როცა პირველ ეტაპზე ბენეფიციარების მხრიდან მიღებული თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე არა ერთი ინფორმაცია გავრცელდა.
"ჩვენ ხშირად გვესმის, რომ სუბსიდირება არ არის კარგი. მე, ამას ვერ დავეთანხმები, იმ ნაწილში, რომ სწორად და მიზანმიმართულად განხორციელებული სუბსიდირება საქართველოს სოფლის მეურნეობაში აუცილებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირიც, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და რეგიონის ყველა ქვეყანაც, ახორციელებენ ამ დარგის სუბსიდირებას. სანამ დარგი არ იქნება კონკურენტუნარიანი, სხვანაირად ჩვენი ფერმერები ვერ განვითარდებიან. გაუჭირდებათ კონკურენცია სხვა ქვეყნის ფერმერებთან. ამიტომ, ჩვენ მიზანმიმართულად ვეხმარებით ყველა და მათ შორის თხილის მიმართულებითაც.
თხილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურა ჩვენთვის. კადასტრის დროსაც დავინახეთ, რომ 90 000-ზე მეტი მოსარგებლე ჰყავდა პროგრამას. უამრავი ოჯახისთვისაა შემოსავლის წყარო. ამავდროულად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომლის უდიდესი წილიც ევროკავშირის ბაზარზე გადის. და ბაზრის დივერსიფიცირება აქ განხორციელებულია. შესაბამისად, როცა ვხედავთ, რომ ამ კულტურაში ცოდნის, ხარისხის და რაოდენობის კუთხით არსებობს პრობლემა, მხარდაჭერას ვახორციელებთ დარგის გასაუმჯობესებლად. ეს ნიშნავს მეტ შემოსავალს ჩვენი ფერმერებისთვის. ამ ნაწილში, ამ მოტივებით მივიღეთ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება.
რაც შეეხება არამოტივირებულ ხარჯვას, მოდით, ასე ვიტყვი, ჩვენი მიზანია, რომ დავეხმაროთ ფერმერებს და ამისთვის ვაძლევთ ბარათებს. სხვა დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენ ისედაც გვაქვს კონტროლის მექანიზმები და მომავალი წლიდან კიდევ მეტი გვექნება", - განაცხადა შამუგიამ.
შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობის ინიციატივით გასულ წელს თხილის წარმოების სტიმულირების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც თხილის მოსაყვანად საჭირო პროდუქციის თვითღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებდა.
პროგრამის ფარგლებში, რომლისთვისაც 20,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, 3 ჰექტარამდე თხილის ბაღების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით დახმარება მიიღეს.