საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) რექტორი, დავით გურგენიძე ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) განცხადებას ეხმაურება. როგორც მან "ტვ პირველთან" ინტერვიუში აღნიშნა, ის მზადაა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიაროს.
საქმე ისაა, რომ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებულ უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებით. ასოციაცია აცხადებს, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა, ევროპულ ასპარეზზე სექტორის შემდგომი იზოლაცია გამოიწვიოს. ამასთან, EUA გამოხატავს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში ხელისუფლებასთან და უმაღლესი განათლების საზოგადოებასთან ექსპერტიზის გაზიარებით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმების პროცესში.
"ყველა რეფორმა საერთოდ მტკივნეულია და რა თქმა უნდა, ამხელა რეფორმა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, მტკივნეულია. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში გვყავს "კეთილისმსურველები", რომლებსაც აღნიშნული საკითხები მიაწოდეს, როგორც მათ აინტერესებდათ.
ალბათ, ბატონი [ჯოზეფ] გარელი ჩამოვა თბილისში, ან ჩვენ ჩავალთ ბრიუსელში. ამ საკითხებზე ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ამ ყველა მოსაზრებას გავუზიარებთ ბატონ გარელს და მთლიანად ჯგუფს, რომელიც ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას.
მთელი ეს განათლების რეფორმა ბევრჯერ და ბევრ საკითხებში არგუმენტებით იქნა გადახედილი, იქნა შეტანილი შენიშვნები და იქნა გადაწყვეტილება შეცვლილი. არ არის პრობლემა, მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ღიაა ამ საკითხისადმი, ასევე უნივერსიტეტთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე ყველა ეს საკითხები იყო განხილული და მე ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად ან ვინმეს ჩართულობა არ იყო, ან ინკლუზიურობა არ იყო, ან არ არის," - განაცხადა სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ.




























