ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. აღნიშნული პროგრამის შესახებ პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომლის დროსაც სასწავლებლის სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა სტაჟირების დეტალები გააცნო.
ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემაშემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე. ამდენად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მდგრადი სისტემის შენარჩუნება და განვითარება პროფილურ უმაღლეს სკოლებთან საქართველოში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ურთიერთობით გაიზარდოს ახალი თაობა, რომლებიც მომდევნო ათწლეულებში შეძლებენ ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობის შენარჩუნებას. მემორანდუმი სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ამ მიზნის მატარებელია,“ - აღნიშნა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა. მან იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებული იქნება და მასში ბევრი მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
„ვფიქრობ, ეს პროგრამა სტუდენტებისთვის იქნება მოტივაციის მიმცემი, მოიპოვონ ამ შესაძლებლობით სარგებლობის უფლება, უკვე სწავლის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება და უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ დარგში მივიდნენ როგორც უკვე გამოცდილების მქონე პროფესიონალები,“ - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟირების გავლის შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.
სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტრო ინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/ გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია.