“ეს გადაწყვეტილება უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის ნაწილს ჰგავს და არა სისტემური პრობლემის მოგვარების სურვილს”, - ასე აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდეთ, განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.
მთავრობას რეალურად პრობლემის მოგვარება რომ არ სურს, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ამას ხელისუფლების არაინფორმირებულობა და არათანმიმდევრული ნაბიჯებიც აჩვენებს.
“პრემიერს აკრიტიკებდნენ მისი ქცევის გამო და ეს იყო საპასუხოდ გაწვდილი ხელი. პრობლემას იწვევს ის, რომ სტუდენტებისთვის რთულია ფინანსურად გაწვდნენ განათლების მიღებას, მათ შორის, იმიტომ, რომ განათლების მიღება მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეჭვს აჩენს ისიც, როგორ არის აღწერილი პრობლემა. მაგალითად, 30 ათასი სტუდენტის ნაცვლად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიხედვით, 21 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს. ეს აცდენაც მეტყველებს იმაზე, რომ კარგად არ არის მოფიქრებული”, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ “საქმის კურსის” ეთერში.
სიმონ ჯანაშიას თქმით, სახელმწიფოს მიზანი განათლების რეფორმა და საგრანტო სისტემის ცვლილება უნდა იყოს.
“ყოველთვის იარსებებს პრობლემა, რომ სწავლის დროს, შესაძლოა, სტუდენტს ფინანსური პრობლემა შეექმნას. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ასეთი სტუდენტების რაოდენობის შემცირებისთვის შეიძლება გადაიდგას მრავალი ნაბიჯი, მათ შორის, საგრანტო დაფინანსებების სისტემის ცვლილება იქნებოდა მნიშვნელოვანი. დღეს გვაქვს სისტემა, რომელიც ფულს აძლევს მას, ვისაც ნაკლებად აქვს ფინანსური პრობლემა”, - აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.