ღვინის კომპანიების ნაწილში მიაჩნიათ, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიები უნდა გააძლიეროს.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში “ასკანელის” დირექტორმა, ირაკლი უგლავამ განაცხადა, ის თანხები, რაც რთველის სუბსიდირების შეცვლილი წესების ფარგლებში დაიზოგება, სწორედ მარკეტინგულ კამპანიებსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე უნდა დაიხარჯოს.
მისი თქმით, ეს განსაკუთრებით იმ პირობებშია მნიშვნელოვანი, რომ გასულ წელს აქციზის გაზრდის ფონზე, რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვები მცირდება.
“ჩემი აზრი ასეთია, ის სუბსიდიები, რაც სახელმწიფომ პრაქტიკულად ღვინის, ყურძნის დაფინანსების მიმართულებით მოხსნა, კარგი იქნება [მათი გადამისამართება] მარკეტინგულ კამპანიებზე, რომ ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიები გაძლიერდეს. ეს პოზიცია სხვა მეღვინეებისგანაც მომისმენია. ჩვენ არ ვართ იმ ზომის კომპანიები, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის გაყიდვების დამოუკიდებელი კამპანია ვაწარმოოთ. საკმაოდ დიდი მოცულობის თანხებზეა საუბარი, ღვინის ეროვნული სააგენტო და სახელმწიფო ახლაც ახორციელებს ამას, მაგრამ ალბათ ამ მიმართულებით უფრო მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული.
ღვინის სექტორი დიდია, ქვეყნის მშპ-ზე დიდი გავლენა აქვს, სოციალური საკითხიც არის, საკმაოდ დიდი რაოდენობის ვენახებია, ამის გადაწყობა ასე სწრაფად საკმაოდ რთულია. მხარდაჭერა იმაში გვჭირდება, რომ რუსულ ბაზარზე შემცირებული გაყიდვები როგორმე დავაკომპენსიროთ. აზიის, ევროპულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გაძლიერება, მხარდაჭერაა [საჭირო], [დაზოგილი თანხები] თუ ამაში იქნება გამოყენებული, ეს ღვინის კომპანიებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება”, - განაცხადა ირაკლი უგლავამ.
ცნობისთვის, წელს 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 165.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად თითქმის 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი კი იანვარ-აგვისტოში წლიურად 24%-ით, 103 მლნ დოლარამდეა შემცირებული.




























