სასტუმრო სექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად გაზრდილი შიდა საორგანიზაციო ხარჯები სახელდება. როგორც BMG-სთან „კოსტე ჰოტელ გრუპის“ დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე აცხადებს, გაზრდილი ინფლაცია, ხელფასები. პროდუქტის მაღალი თვითღირებულება და მოგების მცირე მარჟა ბიზნესის კეთებას ართულებს.
„ხელფასები არის ძალიან გაზრდილი. თუნდაც, ნებისმიერი კერძის და ნებისმიერი სერვისის თვითღირებულება, რაც გვიჯდება - ეს სულ პატარა მარჟას გვიტოვებს“ - განმარტავს ბაღდავაძე და აღნიშნავს, რომ მესამე გამოწვევა შიდა თუ გარე პოლიტიკური მოვლენები და არასტაბილურობაა.
„გეოპოლიტიკური იქნება, თუ შიდა პოლიტიკური - ნებისმიერი ძვრა ყოველთვის პირველ რიგში, სტუმარ-მასპინძლობის აზარალებს და ძალიან აისახება ჩვენზე. ამიტომ, სულ რაღაც ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ თითქოს სერფინგზე ვდგავართ და ტალღებს ვებრძვით“ - ამბობს თამარ ბაღდავაძე BMG-სთან.
2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 4.5%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 2.7%-ით შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორების კლებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირებამ იქონია, რის გამოც ირანიდან ვიზიტები 49%-ით, ხოლო ისრაელიდან თითქმის 12%-ით შემცირდა. კლება ასევე ფიქსირდება თურქეთიდან, სომხეთიდან და აშშ-დან. ჯამში, 2026 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 3 მლნ ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით ნაკლებია.




























