მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ მცირე 120 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით - რა გეგმები აქვს მთავრობას სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებით

5e329fb440db0
ინგა მურუსიძე
30.01.20 13:45
667
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს მომავალში მომზადდება და გამოცხადდება 100 სერტიფიცირებული აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებით.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული 100 აუქციონი იქნება გამჭვირვალე ყველასთვის, მათ შორის მედიისთვის.

„ახალი ინიციატივა, რაც მთავრობამ გააჟღერა მთავრობის სხდომაზე არის 100 ახალი შეთავაზების პროგრამის შემდგომი გაფართოება. გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ გამოვაცხადეთ ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული ტენდერი მუმდივ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტმა გვაჩვენა, რომ ინიციატივა წარმატებულია. უკვე მიღებულია 50 მილიონამდე შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტებში ამ პროგრამიდან. ბიზნესის აქტიურობა იმდენად მაღალი იყო, რომ ჩვენ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი შეთავაზებით დავასრულეთ. სწორედ ამიტომ პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოოთ არეალი და სამომავლოდ მოვიცვათ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონები. ეს აუქციონები დღემდე გამჭვირვალედ იმართება, მაგრამ უახლოეს მომავალში მომზადდება და გამოცხადდება 100 სერტიფიცირებული აუქციონი“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, სიახლე იქნება ის, რომ წიაღის გადამუშავების ვალდებულებები, ასევე ეკოლოგიის მაღალი სტანდარტები იქნება ჩადებული.

„ადგილზე გადამუშავების მოთხოვნის გამო სულ მცირე 120 მლნ ლარის ინვესტიცია იქნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში. მეორე სიახლე არის ის, რომ ასევე მოთხოვნილი იქნება ეკოლოგიის უფრო მაღალი სტანდარტები. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, მათ შორის მედიისთვის. ველოდებით, რომ პროექტი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ეს საპრივატიზაციო ობიექტების შემთხვევაში იყო“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები