მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სულ რამდენი კომპანია დაჯარიმდა „მწვანე“ სტატუსის მოთხოვნის დარღვევისთვის?

6216307e6038a
თელარა გელანტია
23.02.22 17:05
1143
სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა "მწვანე" სტატუსის მოთხოვნების დარღვევის გამო სულ სამი ბიზნესსუბიექტი დააჯარიმა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა.

დაჯარიმებული კომპანიებია:

1. შპს ლიონ ფიტნეს პრო, ს/ნ 430035687, საქმიანობის სფერო - ფიტნეს-დაწესებულება, რეგიონი - თბილისი;
2. შპს სითი გრუფი, ს/ნ 205285092, საქმიანობის სფერო - საზოგადოებრივი კვების ობიექტი, რეგიონი - თბილისი;
3. ი/მ მაია დოლაბერიძე, ს/ნ 60001021671, საქმიანობის სფერო - სასტუმრო, რეგიონი - იმერეთი.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული ბიზნესსუბიექტებისათვის ჯამურად დაწერილი ჯარიმის ოდენობა 22 000 ლარია.

Bm.ge-ს კითხვაზე - გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან „მწვანე“ სტატუსის მოთხოვნა გაუქმდა, მოუწევთ თუ არა კომპანიებს ჯარიმის გადახდა, ბექა ფერაძის უწყებიდან მოგვწერეს, რომ ამ დროისთვის არცერთ სამართალდამრღვევს არ გადაუხდია დაკისრებული ჯარიმა და ამასთანავე, არ გასულა სამართალდამრღვევი სუბიექტების მიერ ჯარიმის გადახდისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადები.

„გარდა ამისა, მოგახსენებთ, რომ "მწვანე" სტატუსის მოქმედების გაუქმება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს აღნიშნული წესის მოქმედების დროს ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად დაწერილი ჯარიმის გადახდისაგან“, - წერია წერილობით პასუხში.

ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ მართალია, "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის N322-ე დადგენილების დარღვევა არ ითვალისწინებს გაფრთხილებას, შრომის ინსპექტორებმა 4500 ობიექტი გააფრთხილეს, მაგრამ არ დააჯარიმეს.

შეგახსენებთ: "მწვანე" სტატუსის მოთხოვნები 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა და წელს, 1-ელ თებერვალს გაუქმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები