სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი დირექტორი, სულხან ზუმბურიძე bm.ge-ისთვის მოწოდებულ წერილობით განმარტებაში პასუხობს “TI საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვას, სადაც ზუმბურიძის კომპანია “პარვუს ჯგუფის” მიერ მოგებულ მრავალმილიონიან ტენდერებზეა საუბარი. აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სახით ჯამში 28 მილიონი ლარი მიიღო, თუმცა სულხან ზუმბურიძის თქმით, იქამდე სანამ მისი კომპანიის ფავორიტულ მდგომარეობაზე დაწერდნენ, მიმოხილვის ავტორებს შეეძლოთ ენახათ ის ტენდერები, რომლებშიც “პარვუს ჯგუფი” მონაწილეობდა, თუმცა კომპანიამ გამარჯვება ვერ შეძლო.
ზუმბურიძის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი მიმოხილვის ავტორები მის კომპანიასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებამდე დეტალების მასთან გადამოწმებით თუ დაინტერესდებოდნენ.
"პირველ რიგში, მიმოხილვის ავტორს და მასზე მომუშავე თანაავტორებს, ვურჩევდი მეტი ობიექტურობისთვის, მნიშვნელოვანი დეტალების დასაზუსტებლად, პირველწყაროსთვის მიემართა და დასკვნები დოკუმენტური მასალით გაემყარებინა, ამისი გაკეთება მათ ნაცვლად მედიას არ უნდა უწევდეს, და რადგან ავტორი თავად არ გვიკავშირდება, არც ინფორმაციის გადამოწმებისთვის არ შეწუხდა და კომენტარებისთვის ჩვენ მედიამ მოგვმართა, პასუხად მე ვეცდები მედიას და საზოგადოებას აღნიშნული არაპროფესიონალური „ანალიზის“ არაკომპეტენტურ და არამიზნობრივ მხარეზე გავამახვილო ყურადღება.
1) დიახ, 2019 წელს დაფუძნებულმა ახალგაზრდა კომპანიამ 4 წლის განმავლობაში ნამდვილად განახორციელა 28 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და ეს პროექტები ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.
2) პროექტების უმრავლესობა ტენდერების და აუქციონის გზით იწყება, რომელსაც დასკვნაში ავტორი „ გამარტივებული და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ შესყიდვებს უწოდებს“. ტენდერის და ასევე აუქციონის წესი, ითვალისწინებს კონკურენტულ ფასთა შორის ჭიდილს. დიახ, „პარვუს ჯგუფს“ არაერთი წარმატებული შესყიდვა აქვს განხორციელებული კონკურენტული ფასითა და პირობებით, მათ შორის „ანალიზში“ მოხსენიებული კონკრეტული შესყიდვაც, კონკურენტებთან შედარებით უკეთესი ფასის მიწოდებით დასრულდა „პარვუს ჯგუფის“ სასარგებლოდ, ხოლო რაც შეეხება წინასწარ აღებულ ავანსს, კომპანიამ მიიღო ხსენებული თანხა არა „გამარტივებული“ წესით, არამედ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული და საბანკო გარანტიის საფუძველზე, რაც თავის მხრივ აპრობირებული ფინანსური და იურიდიული მექანიზმია.
3) P.S. კვლევის ავტორს რომ სურდეს ობიექტური სურათის მიწოდება საზოგადოებისთვის, აუცილებლად მოიძიებდა ინფორმაციას „პარვუს ჯგუფის“წაგებულ ტენდერებზე და ასეთი არაერთია.
აუცილებლად უნდა ეცნობოს საზოგადოებას, რომ ჰესების მშენებლობის პარალელურად, დუშეთის მუნიციპალიტეტთან ნამდვილად ჰქონდა კომპანიას სოციალური პროექტები, როგორიცაა სკოლის სასადილო, სამედიცინო ამბულატორია, რომლის დიდი ნაწილიც „პარვუს ჯგუფმა“ სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შეასრულა.
4) რაც შეეხება ჩემს, როგორც სახელმწიფო მოხელის წარსულს, ვამაყობ, რომ 2007-2018 წლებში, ჩემი მმართველობის პერიოდში (და არა 2010-2018წწ, როგორც მიმოხილვაში ვკითხულობთ) საქართველოს სახელმწიფო ელექტროსტემა გახდა მასშტაბურად ძლიერი, თანამედროვე და სტაბილური კომპანია, ხოლო ყბადაღებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ელექტროსისტემაში 2014-2017 წლის ფინანსურ ბრუნვებს ასახავს, გასაჩივრებულია, როგორც არაკომპეტენტური დასკვნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა და მოდით, ნაადრევად ნუ დავარქმევთ - „დარღვევებს“.
5) „პარვუს ჯგუფს“ მნიშვნელოვანი პროექტები აქვს წინ, როგორც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე სოციალური მნიშვნელობის, სულხან ზუმბურიძის მიზნები გაცილებით მასშტაბური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, ვიდრე „ბიზნესინტერესი“, ამ პროექტების განსახორციელებლად ჩვენი გუნდი კოლოსალურ შრომას დებს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, ფონდებთან, უცხოელ პარტნიორებთან, სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან. სახელმწიფოსგან 49 წლიანი სარგებლობის/აღნაგობის უფლებით ვფლობთ მიწის ნაკვეთებს, რაც განკუთვნილია ჰესების მშენებლობისთვის, კერძოდ, შენობების, სათავე ნაგებობებისა და მილების განთავსების მიზნით, რაც აუცილებელია ნებისმიერი ჰესის ფუნქციონირებისთვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთებისთვის კომპანია ყოველწლიურ აღნაგობის საფასურს უხდის სახელმწიფოს. ამ და სხვა პროექტების განსახორციელებლად მომავალშიც ვითანამშრომლებთ სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ინსტიტუციასთან, ბიზნესთან თუ ფიზიკურ პირთან, მათ შორის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ დროებითი პარტნიორული ხელშეკრულებების საფუძველზეც, განვიხილავთ ყველა საინტერესო შემოთავაზებას, რაც ჩვენს მთავარ მიზანს, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას დააჩქარებს და იმედი გვაქვს ამ გზაზე საზოგადოება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები სიმართლის და რაციონალური გადაწყვეტილებების მხარეს დაიჭერენ, უსაგნო, უმიზნო და ყალბი პათოსის დრო აღარაა,"- აღნიშნავს სულხან ზუმბურიძე.