მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტების რომელ ქსელს აქვს საქართველოში ყველაზე დიდი შემოსავლები - რეიტინგი

6009b6b8bd926
შოთა ტყეშელაშვილი
22.01.21 00:00
24210
საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია - ამ პროცესის შედეგად, ბაზარზე უკვე წარმატებით დამკვიდრდნენ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ბიზნესმოდელების მქონე ქსელები. ზოგიერთი მათგანი მეტ ყურადღებას ამახვილებს მომსახურების ხარისხზე, ზოგიც მიმზიდველ ფასსა და ქსელის სწრაფ ექსპანსიაზე.

სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებით ვაჭრობის (FMCG) სექტორის ბრუნვა 2019 წლისთვის დაახლოებით 8 მილიარდ ლარს აღწევდა და მისი მთავარი წარმმართველი უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტები არიან. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ სექტორის #1 მოთამაშე არის “კარფური“, რომლის გაყიდვებმაც 2019 წელს 473 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა “ნიკორა ტრეიდი“, რომელმაც გაყიდვები 28%-ით, 440 მილიონ ლარამდე გაზარდა. 2019 წელს გაყიდვების 33%-იანი ზრდა ჰქონდა “ორი ნაბიჯის“ ქსელს, რამაც 308 მილიონი ლარი შეადგინა.

ქსელურ მოთამაშეებს შორის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი “მაგნიტს” აქვს - მან 2019-ში 194 მილიონი ლარის საქონელი გაყიდა. რეიტინგის რამდენიმე მონაწილე ერთდროულად სხვადასხვა ბრენდებს მოიცავს. მაგალითად, სს "ფუდმარტი" "Spar"-ის და "იოლის" ბრენდებს, "ნიკორა ტრეიდი" კი "ნიკორას" და "ლიბრეს" ბრენდების სუპერმარკეტებს აერთიანებს. 

საქართველოში მოქმედი ქსელური სუპერმარტეკების რეიტინგი 2019 წლის შემოსავლების მიხედვით:

1 კარფური - 473,688,000 ლარი ზრდა წინა წელთან 4%;
2 ნიკორა; ლიბრე - 440,281,000 ლარი ზრდა წინა წელთან 28%;
3 ორი ნაბიჯი - 308,479,354 ზრდა წინა წელთან 33%;
4 Spar; იოლი; ფუდმარტი - 209,933,000 ლარი ზრდა წინა წელთან 40%;
5 მაგნიტი - 194,526,000 ლარი ზრდა წინა წელთან 180%;
6 ჯიბე (საბითუმო სუპერმარკეტის ქსელი) - 188,741,000 ლარი ზრდა წინა წელთან 45%;
7 გუდვილი (2018 წლის შედეგები) - 128,049,000 ლარი;
8 ფრესკო - 79,857,684 ლარი ზრდა წინა წელთან 5%;
9 უნივერსამი - 50,085,589 ლარი ზრდა წინა წელთან 23%;
10 აგროჰაბი (2018 წლის შედეგები) - 45,274,728 ლარი;
11 სმარტი - 39,983,938 ლარი ზრდა წინა წელთან 10%;

კომპანიების მრავალმილიონიანი გაყიდვების მიუხედავად, 2019 წლის მდგომარეობით ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეებიდან არაერთი ფინანსურ ზარალზეა. უარყოფითი შედეგების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სწრაფ განვითარებაში ჩადებული მრავალმილიონიანი საინვესტიციო ხარჯია, ერთეულ შემთხვევაში კი ზარალი კომპანიების მიერ დამფუძნებლისთვის გადახდილ საპროცენტო ხარჯებს უკავშირდება. მაგალითად, “კარფურს“, ანუ “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ მისი დამფუძნებლის მიმართ 225-მილიონიანი სესხი აქვს, ამ სესხის მომსახურებაზე კი 2019 წელს 22 მილიონი ლარი დახარჯა.

საქართველოში მოქმედი ქსელური სუპერმარტეკების წმინდა მოგება/ზარალი 2019 წლის მდგომარეობით:

  • კარფური - -32,522,000 ლარის ზარალი; 
  • ნიკორა; ლიბრე - -15,488,000 ლარის ზარალი; 
  • ორი ნაბიჯი - 8,140,700 ლარის მოგება; 
  • Spar; იოლი; ფუდმარტი - 5,432,000 ლარის მოგება; 
  • მაგნიტი - -7,847,000 ლარის ზარალი; 
  • ჯიბე - 1,011,000 ლარის მოგება; 
  • გუდვილი (2018 წლის შედეგები) - 1,865,000 ლარის მოგება; 
  • ფრესკო - 2,787,194 ლარის მოგება; 
  • უნივერსამი - 1,153,932 ლარის მოგება; 
  • აგროჰაბი (2018 წლის შედეგები) - 3,721,608 ლარის მოგება; 
  • სმარტი - -8,370,783 ლარის ზარალი;




წყარო - Forbes Georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები