მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუპერმარკეტების შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა - უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

626107a74c840
გიორგი თოლორდავა
21.04.22 11:39
2174
თიბისი კაპიტალის სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვის თანახმად, პანდემიურ პერიოდში, 2020 წელს, სექტორი რეკორდული 26%-ით გაიზარდა, 2021 წელს კი 22%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, 2021 წელს FMCG სექტორის (კვების და სწრაფი მოხმარების პროდუქციის) შემოსავლებმა 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ანალიტიკოსების შეფასებით, ზრდის მამოძრავებელი ძირითადი ფაქტორები მოსახლეობის დანახარჯების და ინფლაციის დონის ზრდაა.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, FMCG სექტორის ზრდა, ინფლაციის დონის შემცირების ფონზე, მომავალში შედარებით დასტაბილურდება. მოკლევადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია სურსათი და საკვები პროდუქტების ფასების ზრდა, განსაკუთრებით იმ კატეგორიის პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაც რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზეა დამოკიდებული.

სწრაფადბრუნვადი პროდუქციის ბაზრის უდიდესი ნაწილი ისევ არაორგანიზებულია, თუმცა 2021 წლის მონაცემებით, ორგანიზებული ბაზრის წილმა საქართველოში რეკორდულ 31%-ს მიაღწია.

გასულ წელს ორგანიზებული ბაზრის შემოსავლები 31%-ით, 3.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - შემოსავლების 85% შვიდ მსხვილ რითელ კომპანიაზე ნაწილდება. 2021 წელს დაფიქსირებული ზრდის მამოძრავებელ ძირითად ფაქტორად ანალიტიკოსები ახალი ფილიალების გახსნას ასახელებენ.

2021 წლის ბოლოს, FMCG ბაზარი 1700-ზე მეტი ობიექტით იყო წარმოდგენილი, რაც წლიურად 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამური სავაჭრო ფართობი, 2021 წლის განმავლობაში, 25%-ით გაიზარდა, რამაც მაღაზიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საშუალო სავაჭრო ფართის შემცირება გამოიწვია.


FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით:

„ნიკორა“ – ბაზრის 17.9%;

„ორი ნაბიჯი“ – 15.9%

„სპარი“ – 15.8%;

„კარფური“ – 15.0%;

„მაგნიტი“ – 12.6%;

„გუდვილი“ – 4.5%;

„აგროჰაბი“ – 4.1%;

სხვა – 14.3%.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, FMCG სექტორის საშუალო მომხმარებელი ახალგაზრდავდება. 2021 წლის განმავლობაში, ყველაზე აქტიური მომხმარებლის ასაკმა 30-39 წელი შეადგინა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მზარდია 19-29 წლის მომხმარებლების წილიც. თუმცა, ახალგაზრდა მომხმარებლები თითოეულ ვიზიტზე დაბალი დანახარჯით ხასიათდებიან. საპირისპიროდ, მიუხედავად ვიზიტებში ყველაზე დაბალი წილისა, ასაკიანი მომხმარებლები თითო ვიზიტისას, ყველაზე მეტს ხარჯავენ.

გლობალური ტენდენციის მსგავსად, ქართულ FMCG სექტორში ელექტრონული კომერციის წილი იზრდება. ასევე, ქართული FMCG ბაზრის მოთამაშეების 80% მომხმარებლებს შიდა რესურსით ან მესამე მხარის ჩართულობით, ადგილზე მიტანის მომსახურებას სთავაზობს.

თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.