მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და საჭიროებს გამოძიებას - SJC

სუროგაცია

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) თანახმად, სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში სუროგაცია საქართველოში მორიგი სკანდალის საგანი გახდა.

"საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია საქართველოში სუროგაციის ე.წ. შავ ბაზარზე. ნიშანდობლივია, რომ მსგავსი ინფორმაცია წინა თვეებშიც ვრცელდებოდა და ერთ-ერთი კომპანიის მიმართ გამოძიებაც კი დაიწყო. თუმცა აშკარაა, რომ სუროგაციის ბიზნესი საქართველოში ტრეფიკინგისა და სისტემური ძალადობის სავარაუდო პრაქტიკას ეფუძნება და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გამოძიებასა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დროულ მოწესრიგებას.

საქართველო იმ მცირე ქვეყნების სიაში შედის, სადაც სუროგაცია სრულად დაშვებულია, მათ შორის ნებადართულია კომერციული სუროგაცია და სუროგაცია უცხოელებისთვის. სწორედ დაურეგულირებელი და იაფი გარემოს გამო საქართველო სუროგაციის ერთგვარ ჰაბად იქცა. საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე წყვილების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია.

ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საკითხის მკაფიო სამართლებრივ რეგულირებას მოითხოვს, ასევე საჭიროებს დაუყოვნებლივ და სისტემურ გამოძიებას. უფლებრივი თვალსაზრისით ამგვარ პრაქტიკაში არაერთი დარღვევა იკვეთება, მათ შორის წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, იძულებითი/სავალდებულო შრომის აკრძალვის, პირადი ცხოვრების და სხეულის ავტონომიის უფლების დარღვევები",- აღნიშნავენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

სუროგაციის გზით 2019 –2024 წლებში საქართველოში 4 674 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2019 წელი - 601 ბავშვი;
  • 2020 წელი - 817 ბავშვი;
  • 2021 წელი - 310 ბავშვი;
  • 2022 წელი - 833 ბავშვი;
  • 2023 წელი - 1172 ბავშვი;
  • 2024 წელი - 941 ბავშვი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას

წარმართონ სათანადო და დროული გამოძიება და გამოიყენონ სწორი კვალიფიკაცია, მათ შორის არასათანადო მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) უმძიმესი დანაშაულებების კუთხით;

  • საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს

მოაწესრიგონ სუროგაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და უზრუნველყონ შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა, რაც აუცილებელია სუროგაციის პროცესში ტრეფიკინგის, სისტემური ძალადობის, აგრეთვე ქალების ჯანმრთელობის, შრომითი, ქონებრივი და პირადი უფლებების დარღვევის პრაქტიკის პრევენციისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები